„ხალხის ძალა": კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ საქართველოში „ნიურნბერგის პროცესი" უნდა მოუწყონ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
„ხალხის ძალის" წარმომადგენლები არჩევნების წინ საქართველოში ახალ ალიანსებს პროგნოზირებენ.
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ ქართული „ნიურნბერგის სასამართლო პროცესის“ მოწყობის აუცილებლობის შესახებ განაცხადა, რათა კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხი აგოს იმ უმძიმესი დანაშაულებისთვის, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს.
„ხალხის ძალასა" და მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" უწოდებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს, მათ შორის არიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლეიბორისტული პარტია", „ევროპული საქართველო".
განცხადების ავტორების თქმით, სწორედ ეს პარტიები უნდა გასამართლდნენ არა მხოლოდ ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიცაა ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, „ელიტური კორუფცია“, არჩევნების გაყალბება, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს, არამედ იმ დანაშაულებისთვისაც, რომლებსაც ისინი 2012 წლიდან დღემდე სჩადიან.
განცხადების ავტორების თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება.
„აგენტი ხელს აწერს ვალდებულებას ნებისმიერ დროს შეასრულოს ნებისმიერი დავალება, მათ შორის ისეთი, რამაც შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს ომამდე და მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე, ან თუნდაც სუვერენიტეტი სრულად დააკარგვინოს. ისინი ნებისმიერ დროს შეასრულებენ საქართველოს უკრაინიზაციის დავალებას და აქამდე შესრულებულიც ექნებოდათ, ხელისუფლებას სწორად და პრინციპულად რომ არ ემოქმედა და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე რომ არ დაეცვა", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკოსების განცხადებით, „გლობალურმა ომის პარტიამ“ ე.წ. „წამების პრევენციის კომიტეტი“ დაარწმუნა დაეწერა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე, რომ ვიდეოთვალთვალი ამცირებდა მის ღირსებას.
„იმ ფონზე, რომ სააკაშვილის მკვლელობაზე, წამებაზე, მოწამვლაზე და მსგავს სისულელეებზე დღეს აღარავინ ლაპარაკობს, ეს მცირე ჟესტი, ძირითადად, სხვა აგენტებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა აგენტებს უნდა დაენახათ, რომ პატრონები საკუთარ თანამშრომელს ბოლომდე არ სწირავენ და მინიმუმ, ციხეში სრულიად უყურადღებოდ არ ტოვებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ და ქართული ოცნება“ მიიჩნევენ, რომ „გლობალური ომის პარტია“ - ესენი არიან უცხოელი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
„ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად, თავის დროზე, ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორების აზრით, სააკაშვილის გათავისუფლება რომ სდომებოდათ, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დარწმუნებას სააკაშვილის შეწყალების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პასუხის გაცემას დაახლოებით ერთი წელია ერიდება. მანამდე მას ექს-პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე მკაფიო პოზიცია ჰქონდა - „არა და არასდროს“.
„თუმცა, ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ღრმა კრიზისშია ჩაფლული და ჭაობიდან მას ვერც ბელადის გათავისუფლება ამოიყვანს. სააკაშვილით თუ მის გარეშე, „ნაცმოძრაობა“ მაქსიმუმ 30-35 მანდატს მიიღებს პარლამენტში, ასეთ პირობებში კი, მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას იოლად მოიპოვებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკოსების განმარტებით, შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ ზურაბიშვილზე აკეთებს. მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ ზურაბიშვილი „ლელოს“ უნდა შეუერთდეს და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაში უნდა დაეხმარონ.
იმ შემთხვევაში თუ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაში დაარწმუნებენ, იგი იმ მცირე რესურსსაც გაფლანგავს, რომელიც დღეისათვის აქვს.
პოლიტიკოსების თქმით, ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს - საქართველოში არჩევნები 26 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
„თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში - სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ ჯერჯერობით ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ, არჩევანი მაინც სალომე - „ლელოს“ ალიანსზე შეჩერდება, მიაჩნიათ განცხადების ავტორებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გლობალური ომის პარტია“ პარალელურად ასევე მუშაობს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გვარამიასა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას გაერთიანებაზე.
გვარამიამ 2023 წლის ბოლოს განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს მელიასთან, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან".
„თუ ჩათვლიან, რომ მათ 5%-იანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა წარწერით „შუა უნდა გაერთიანდეს“. როგორც მოგვიანებით „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ განმარტა, ხაზარაძის განცხადება მრავალპარტიულობისა და მრავალფეროვნების დაბრუნებას გულისხმობს. „ლელოში" მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ახალი პოლიტიკური ძალის, როგორც მესამე ძალის შექმანს, რომელიც უნდა იყოს დისტანცირებული ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნებისგან".
„ფაქტია, რომ 2016, 2020 და 2021 წლებში მათ „შუაშისტის" სახელი ვერც ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, ვერც ხაზარაძის „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას მიაწებეს. დიდი ალბათობით, ფსევდოშუაშისტური გაერთიანების წარმატების მორიგი მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება. მთავარია, საზოგადოება ყველაფერს გულდასმით დააკვირდეს, რომ ვერცერთმა ფსევდოშუაშისტურმა პარტიამ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს“, - ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
არჩევნები 2024
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ინარჩუნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0