მეოთხე მცდელობა: აღსრულების ბიურომ დადიანის ქუჩაზე დაგეგმილი ოჯახის გამოსახლება გადადო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2024
გამოწერა
ბიუროს დღეს კაკიაშვილების ოჯახი უნდა გამოესახლებინა, რომელმაც კერძო მევახშისგან ნასესხები თანხის გადახდა ვერ შეძლო.
თბილისი, 23 იანვარი— Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრები კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი. ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე კი ოჯახს მიეცა დამატებითი ვადა პრობლემის მოგვარებისთვის.
ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პაატა შამუგიას განცხადებით, უწყებამ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 31-ე მუხლი. ამ მუხლით, თუ გამოსახლების ადგილზე განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი (მოვალის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, გარდაცვალება ან სხვა საგანგებო შემთხვევა) და „არ შეესაბამება მორალის ზოგად პრინციპებსა და ნორმებს", მოვალის განცხადების საფუძველზე პროცესის გადადება შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვით.
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს 20 ადამიანი დააკავეს>>>
როგორც 48 წლის მარიამ კაკიაშვილმა განაცხადა, მან თანხა კერძო მევახშისგან 2014 წელს იპოთეკის ხელშეკრულებით ისესხა. შემდეგ კი ამ ვალის გადაფარვის მიზნით, ისევ მევახშისგან ისესხა 16 ათასი დოლარი. იმის გამო, რომ თანხა ვერ გადაიხადა, ბინა აუქციონზე 2018 წელს გაიყიდა და იმ ადამიანმა იყიდა, ვისი ვალიც კაკიაშვილს იმ დროს ჰქონდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აღნიშნული ოჯახის გამოსახლების მეოთხე მცდელობა იყო - უწყებამ გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე სამჯერ გადადო.
კაკიაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად სახლთან მეგობრები და აქტივისტები დილიდან იყვნენ შეკრებილი. მათ წინააღმდეგობის გასაწევად მოაწყვეს ბარიკადები და გადაკეტეს ბინამდე მისასვლელი გზები.
გუშინ, 23 იანვარს კი, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით თბილისში, კეკელიძის N1-დან გამოასახლა ოჯახი.
პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესის დროს 20 ადამიანი დააკავა - აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე ორი, ხოლო ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანია დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0