სააკაშვილს სხვა პატიმარს შეუსახლებენ? - იუსტიციის სამინისტროს პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
ორნახევარწელიწადში სააკაშვილს სამი ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა, ამიტომ პალატის სამარტოო საკანთან შედარება უადგილოა, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. როგორც კი მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს სურვილს, მას აუცილებლად შეუსახლებენ ერთ-ერთ პატიმარს, განაცხადა ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
კომიტეტის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიწვევით 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და კლინიკაში პაციენტების (მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის) მკურნალობისა და მოთავსების პირობები დაათვალიერა. იანვარში კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში კლინიკა „ვივამედში“ პატიმრების განთავსების პირობების შესახებ, სადაც ნათქვამია რომ სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი იმყოფება პალატაში მართო, რაც პრაქტიკულად სამარტოო საკანში ყოფნას უტოლდება.
„თუ უნდა, რომ ვინმე შეუსახლონ, კი ბატონო, აუცილებლად შევუსახლებთ, ოღონდ გამოხატონ ამის შესახებ სურვილი და აუცილებლად შევუსახლებთ ვინმე სხვა პატიმარს. ვიპოვით, თუ ვინმეს ექნება მასთან ერთად გაჩერების სურვილი და შევუსახლებთ როგორც პალატაში, ასევე, შემდგომში საკანშიც, თუ ამის სურვილი იქნება, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მისი სურვილია, რომ ყოფილიყო მარტო და ამით, ვფიქრობ, ყველაფერს პასუხი გაეცა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, ორნახევარწელიწადში სააკაშვილს სამი ათასზე მეტი მნახველი ჰყავდა, ამიტომ პალატის სამარტოო საკანთან შედარება უადგილოა.
„აქვე მინდა მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავს მარტო ყოფნა. ეს არის მისი სურვილი, რომ ის საკანშიც მარტო ყოფილიყო და პალატაშიც. მოსახლეობამ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. დღეის მდგომარეობით, მას ჰყავდა 3 000 ვიზიტორი, არასრულ ორწელიწად-ნახევარში. ახლა იქნებ ვინმემ ახსნას, რას ნიშნავს, რომ ადამიანი არის მარტო, როდესაც ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, საათებს ატარებენ მასთან ერთად, რანაირად არის მარტო?“ - განაცხადა ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს არცერთხელ არ უსარგებლია გასეირნების უფლებით, პირიქით, უარიც კი თქვა ამ წინადადებაზე.
პაპუაშვილი: სააკაშვილის გამო საქართველოს წინაშე დასავლელმა პოლიტიკოსებმა თავი შეირცხვინეს>>
რაც შეეხება კომიტეტის კიდევ ერთ შენიშვნას იმის შესახებ, რომ კლინიკას არ ჰყავს ფსიქიატრი ან ფსიქოლოგი, ბრეგაძის თქმით, ექს-პრეზიდენტს შესთავაზეს ეს სერვისი, მაგრამ მან ამაზეც უარი განაცხადა.
„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე გაუკეთდა შეთავაზება იმის შესახებ, რომ ესარგებლა აღნიშნული ექიმების მომსახურებით, თუმცა მან ყოველ ჯერზე დააფიქსირა უარი. მათ შორის, „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ ვიზიტის შემდგომაც გაუკეთდა შეთავაზება, მაგრამ მან ასევე დააფიქსირა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენ დასკვნას არ ვიზიარებთ. ამის შესახებ იყო კიდევაც ჩვენს პასუხში მითითებული, ჩვენთვის აქ ახალი არაფერია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მთავარი, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, არის ქრონოლოგია.
„ეს ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს, ხოლო ამის შემდგომ, დაახლოებით, გავიდა სამი თვე და სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა სხვა კლინიკაში გადაყვანაზე. ვფიქრობ, ეს არის ნათელი პასუხი მთელ ამ აგორებულ სკანდალზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ (CPT) საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში სერიოზული დარღვევები ვერ აღმოაჩინა, თუმცა, აღნიშნა კლინიკაში მისი პრივილეგირებული მდგომარეობა სხვა პატიმრებთან შედარებით, რადგანაც ექს-პრეზიდენტს აქვს ტელევიზორი, მას შეუძლია ისარგებლოს ინტერნეტით, იღებს მნახველებს და პალატაში იმყოფება მარტო.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0