ჯორჯ ბალანჩინი - გენებითა და სისხლით ქართველი, ეროვნებით პეტერბურგელი ამერიკელი

© photo: Sputnik / Galina Kmit / გადასვლა მედიაბანკშიკომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინი.
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე და ბალეტმაისტერი ჯორჯ ბალანჩინი. - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2024
გამოწერა
სამშობლოში ჩამოსულ ჯორჯ ბალანჩინს ძმასთან ერთად მოუვლია მთელი დასავლეთი საქართველო, ამერიკაში დაბრუნებულს კი განუცხადებია, მე ვიგრძენი თავი ქართველადო
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდესი მოცეკვავე, ამერიკული ბალეტის სულისჩამდგმელი, ეროვნებით ქართველი ჯორჯ ბალანჩინი - გიორგი ბალანჩივაძე, 120 წლის წინ დაიბადა სანქტ-პეტერბურგში „ქართველ გლინკად“ წოდებული მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში.
მისი ძმა, ცნობილი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე იხსენებდა, რომ მათ პეტერბურგში ხუთოთახიანი ბინა ჰქონიათ, სადაც უამრავი ბავშვი იყრიდა თავს. ისინი ხშირად ერთობოდნენ თურმე ცეკვით. ასეთ დროს გიორგი კუთხეში მიიყუჟებოდა ხოლმე და შორიდან ადევნებდა თვალს მოცეკვავე თანატოლებს - თავად არ ცეკვავდაო...
ერთხელ ჯორჯ ბალანჩინისთვის უკითხავთ, რა ეროვნებისა ბრძანდებითო, რაზეც ასე უპასუხია:

„გენებითა და სისხლით ქართველი ვარ, ხოლო ეროვნებით - პეტერბურგელი“.

ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე და იმპრესარიო ლინკოლნ კირსტაინი კი ერთ ამერიკელ კოლეგას ასე სწერდა ბალანჩინის შესახებ:
„იცნობთ ჯორჯ ბალანჩინს? თუ არ იცნობთ, გეტყვით, რომ ის ქართველია და მისი ქართული სახელია გიორგი ბალანჩივაძე. საოცარი შარმი აქვს. შავგვრემანია. საუცხოოდ ცეკვავს და საბალეტო ტექნიკის გენიალური ოსტატია ყველა მათ შორის, ვისაც ვიცნობ... თუ ღმერთი გწამთ, არ დაგვანებოთ მისი დაკარგვა“.
მოვლენებს გავუსწრებთ და გეტყვით: მრავალი წლის შემდეგ სამშობლოში ჩამოსულ ჯორჯ ბალანჩინს ძმასთან ერთად მოუვლია მთელი დასავლეთი საქართველო. გურული სიმღერებით მოხიბლულა. ამერიკაში დაბრუნებულს კი განუცხადებია:
„მე ვიგრძენი თავი ქართველად“...
სწორედ კირსტაინს დაებადა ამერიკული ბალეტის შექმნის გიჟური იდეა ჯორჯ ბალანჩინის თაოსნობით. მანამდე კი გიორგი ბალანჩივაძედ დაბადებულმა ყმაწვილმა საკმაოდ რთული გზა გაიარა.

მშობლებმა ის მარინის თეატრის საბალეტო სკოლაში მიაბარეს 1913 წელს. გულმოდგინე მოწაფე ყოფილა და სკოლის დამთავრების შემდეგ, 1921 წელს პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის (ყოფილი მარინის) თეატრის დასში ჩაურიცხავთ.

მოგვიანებით ის გაიხსენებს:

1923 წლის ბოლოს გერმანიაში წავედით გასტროლებზე. უკან დაბრუნების თარიღს გადავაცილე და ერთ წვიმიან დღეს ტელეგრამა მივიღე: „დაუყოვნებლივ დაბრუნდით, თორემ საქმე ცუდად წაგივათ“. დეპეშას ხელს მარინის თეატრის კომენდანტი აწერდა ხელს. შემეშინდა და... დავრჩი.

მალე გიორგი ბალანჩივაძე უდიდესმა იმპრესარიომ, სერგეი დიაგილევმა მიიწვია პარიზში „რუსული ბალეტის“ დასში. სწორედ დიაგილევის რჩევით გადაიკეთა სახელი და გვარი დასავლურ ყაიდაზე გიორგი ბალანჩივაძემ და ჯორჯ ბალანჩინად იქცა.
მერე „რუსული ბალეტის“ ბალეტმაისტერი გახდა და არაერთი შედევრი დადგა. მაგრამ დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ დასმა დაშლა დაიწყო და ბალანჩინმაც მიატოვა იგი. ჯერ ლონდონსა და კოპენჰაგენში მუშაობდა მიწვეულ ბალეტმაისტერად, შემდეგ ცოტა ხნით ისევ დაუბრუნდა მონტე-კარლოში დაფუძნებულ განახლებულ „რუსულ ბალეტს“, მაგრამ მალევე წავიდა იქიდან და საკუთარი დასი ჩამოაყალიბა Les Ballets 1933.
მართალია, დასმა მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე წარმატებული სპექტაკლის ჩვენება მოასწრო.
სწორედ ერთ-ერთი წარმოდგენისას შენიშნა ის ლინკოლნ კირსტაინმა. ბოსტონელი მილიონერი და მეცენატი, უბრალოდ, შეპყრობილი ყოფილა ბალეტით და ამერიკული საბალეტო სკოლის დაარსება ჰქონია ოცნებად ქცეული, რომლის ბაზაზეც საბალეტო კომპანიის ჩამოყალიბებას გეგმავდა. კირსტაინს ჯორჯ ბალანჩინში დაუნახავს ის ადამიანი, ვინც მის ოცნებას ხორცს შეასხამდა და თავისი გეგმები გაუზიარებია მისთვის. ბალანჩინიც დათანხმებია და 1933 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებულა საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ.

პირველი, რაც შტატებში გააკეთა, თანაც, პრაქტიკულად, ცარიელ ადგილზე, ეს საბალეტო სკოლის გახსნა იყო კირსტაინისა და ედვარდ უორბერგის დაფინანსებით. სკოლამ პირველი მოსწავლეები 1934 წლის 2 იანვარს მიიღო, ხოლო პირველი სპექტაკლი, რომელიც ბალანჩინმა მათი მონაწილეობით დადგა - ეს პეტრე ჩაიკკოვსკის მუსიკაზე შექმნილი „სერენადა“ გახლდათ.
ამას მოჰყვა მცირე პროფესიული დასის ჩამოყალიბება, რომლსაც სახელად „ამერიკული ბალეტი“ ეწოდა. 1936 წელს ჯორჯ ბალანჩინმა დადგა ბალეტი „მკვლელობა მეათე ავენიუზე“, რომელსაც გამანადგურებელი რეცენზიები მოჰყვა. მაგრამ ის არ ღელავდა, მტკიცედ სჯეროდა, რომ წარმატება გარდაუვალი იყო.
და წარმატება მოვიდა, ოღონდ ათწლიანი დაძაბული შრომის შემდეგ: სახოტბო წერილები პრესაში, გადავსებული დარბაზები, ბალანჩინის პორტრეტი ჟურნალ „თაიმის“ ყდაზე, მრავალმილიონიანი გრანტი ფორდის ფონდიდან... მალე ის ამერიკული ბალეტის მამათავრად, გემოვნების კანონმდებლად და ხელოვნებაში ნეოკლასიციზმის ფუძემდებლად აღიარეს...

კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადების სიმპტომებმა 1970 წლის ბოლოს პირველად იჩინა თავი. 1983 წელს კი დიდი მაესტრო გარდაიცვალა. დაკრძალულია ნიუ-იორკში.
საინტერესო ფაქტები:
ჯორჯ ბალანჩინი ცდილობდა, არ გამოეტოვებინა არჩევნები, ვინაიდან ძალზე აფასებდა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას. უყვარდა პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა და წუხდა, რომ ეტიკეტით მიუღებელი იყო, ვახშამზე ამ თემაზე საუბარი.
ჯორჯ ბალანჩინი ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის წევრი გახლდათ, რასაც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. პირველი სასამართლო სხდომა, რომელშიც ამ რანგში მიიღო მონაწილეობა, უნივერმაღ „ბლუმინგდეის“ საქმე იყო...
მწერალ სერგეი დავლათოვს ემიგრანტების შესახებ სახუმარო ჩანაწერებში ერთი ასეთიც აქვს: ჯორჯ ბალანჩინს ძალიან არ უნდოდა ანდერძის დაწერა, მაგრამ ბოლოს მაინც დაწერა. ამ ანდერძით საქართველოში მცხოვრებ ძმას ოქროს ორი საათი დაუტოვა, ხოლო თავისი ყველა ბალეტი კი თვრამეტ საყვარელ ქალს ჩამოურიგაო. ჯორჯ ბალანჩინის ყველა ბალეტი კი — ეს 420 თხზულებაა.
ჯორჯ ბალანჩინს ჰყავდა ოთხი ოფიციალური მეუღლე, ოთხივე ბალერინა — თამარა გევერჟეევა, ვერა ზორინა, მარია ტოლჩიფი და ტანაკილ ლეკლარკი. ბალანჩინს მეხუთე ქალბატონის სიუზან ფარელის მოყვანაც უნდოდა ცოლად, მაგრამ ახალგაზრდა მუზამ უარი უთხრა.
პლანეტა მერკურიზე ერთ-ერთ კრატერს ჯორჯ ბალანჩინის სახელი ჰქვია.
პატერბურგის საბალეტო სკოლაში სწავლისას, გიორგი ბალანჩივაძე ერთ-ერთი წარმოდგენის შემდეგ, სხვა პატარა მოცეკვავეებთან ერთად, ნიკოლოზ II-სთვის წარუდგენიათ. სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა მეფის ღია ფერის თვალები და სიმაღლე, მისი მეუღლის შესანიშნავი ტანისამოსი, მეფის ასულების სილამაზე და... ვერცხლისფერ კოლოფებში ჩალაგებული შოკოლადი...
ყველა ახალი ამბავი
0