უძრავი ქონების ღირებულება რუსთაველის გამზირის რემონტის შემდეგ გაიზრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliრუსთაველის გამზირი
რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირის რემონტი 2024 წელს დაიწყება და სამ ეტაპად ჩატარდება. სამუშაოების დასრულება დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რემონტის დასრულების შემდეგ მასზე არსებული უძრავი ქონების ფასი 400%-ით გაიზრდება, განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი პაპავამ.
თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობების რემონტზე ტენდერები გამოაცხადა. ტენდერების საერთო ღირებულებაა 3,4 მლნ ლარი. ტენდერის გამარჯვებულებს სთავაზობენ შენობების ფასადებისა და სახურავების პროექტის შედგენას.
„უძრავი ქონების ღირებულება ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გუდიაშვილზე და ორბელიანზე. თუმცა, იქამდე, სანამ მოთხოვნა არ დადგება ბაზარზე, კონკრეტულ ქუჩაზე საუბარი ძნელია, მაგრამ 400%-იანი მატება, როგორც სხვაგან იყო, აქაც იქნება", - განაცხადა პაპავამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
პაპავამ აღნიშნა, რომ გუდიაშვილის მოედნისა და ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ უძრავი ქონების ღირებულება მინიმუმ ხუთჯერ იზრდება
რადგანაც პროექტის ფარგლებში ადგილზე არამარტო ავარიული სახლის კეთილმოწყობა, ახლიდან აშენება ან რეაბილიტაცია მოხდა, არამედ არეალი მოწესრიგდა, უბანი შეიცვალა მთლიანად და ახალი მიზიდულობის წერტილი შეიქმნა. შედეგად მოსახლეობის 70% ან კომერციული დანიშნულებით თავად მართავს ობიექტს, ან გასხვისებული აქვს.
რუსთაველის გამზირის რემონტი - გამოცხადდა პირველი ტენდერები>>
პაპავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება გამარჯვებული კომპანიები და 4-5 თვეში მომზადდება პროექტები, გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.
რუსთაველის გამზირის სრული აღდგენის პროექტის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გასული წლის ნოემბერში განაცხადა. რემონტი 2024 წელს დაიწყება და სამ ეტაპად ჩატარდება. სამუშაოების დასრულება დაახლოებით ორ წელიწადში იგეგმება. თბილისის ცენტრალური გამზირის რემონტის პროექტის ღირებულება დაახლოებით 90 მლნ ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0