დავითაშვილი: საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2024
გამოწერა
მთავრობას იმედი აქვს, რომ 2024 წელსაც ინფლაციის მაჩვენებელიც სამიზნე მაჩვენებლის, 3%-ის ქვემოთ იქნება, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველო შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას 2024 წელს და გააგრძელებს ზრდას მომდევნო წლებში, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.

„ვფიქრობთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციას შევინარჩუნებთ და მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მაღალი ზრდა გვექნება. გვესმის, რომ 2025 წელს უფრო მეტი სტაბილურობა იქნება. ასევე, ინფლაციასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შედეგები გვაქვს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის შედეგად“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობას იმედი აქვს, რომ 2024 წელსაც ინფლაციის მაჩვენებელიც სამიზნე მაჩვენებლის, 3%-ის ქვემოთ იქნება.
„როგორც ჩვენ ვპროგნოზირებთ, პრინციპში, Fitch ეთანხმება ამ ანალიზს. Fitch-ის მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება, 5%-ზე მეტად და პრინციპში ეს საკმაოდ ახლოსა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Fitch Ratings-მა საქართველოს რეიტინგები დაადასტურა >>
ვიცე-პრემიერი ასევე შეეხო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ გაკეთებულ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებას, რომელმაც დაადასტურა საქართველოს ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში BB დონეზე პროგნოზით „პოზიტიური“.
ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, იმ პროგრესის ფონზე, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში აჩვენა ეკონომიკურ სფეროში, მომდევნო რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.
„თუმცა იცით, რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ნაკლებად ხელგვეწიფება, რომ რეგიონული კონტექსტი შევცვალოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ შიდა მდგომარეობა მაქსიმალურად უნდა გააუმჯობესოს იმისთვის, რომ საქართველოს საკმაოდ კარგი შეფასება და რეიტინგი ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0