ღარიბაშვილი: დროშა ქართული სულისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2024
გამოწერა
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა, ერთიანობა და წინსვლა უსურვა,ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.
უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა“, - ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დროშა ინახავს ქვეყნის დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ – დაიცვას და განამტკიცოს თავისუფლება.
„ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე“, - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, 14 იანვარს გამოფინონ ქართული დროშა თავიანთ სახლებზე.
საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
ძველი დროშის აღდგენა 1992 წელს გადაწყვიტეს. საქართველოს ჰერალდიკის ასოციაციამ ამ დროშის ვარიანტი შეიმუშავა რამდენიმე ცვლილებით. ტრადიციული პირდაპირი ჯვრების ნაცვლად გამოყენებული იყო „ბოლნისის ჯვრები". პროექტი სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2003 წელს პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდა, სწორედ ამ დროშას დაუჭირა მხარი. პარტიული დროშის სახით ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო გახდა.
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის სახელით, პარლამენტს ხუთჯვრიანი დროშის მთავარ სახელმწიფო სიმბოლოდ დამტკიცება შესთავაზა. გადაწყვეტილება დეპუტატების უმრავლესობით მიიღეს (147 ერთის წინააღმდეგ). ახალი დროშა 14 იანვარს უკვე აღმართეს პარლამენტის შენობის თავზე და ეს დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0