ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი საქართველომ აშშ-ს გადასცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2024
გამოწერა
ექსტრადირებული პირი ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2023 წლის ივნისიდან იძებნებოდა.
თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აშშ-ის მოქალაქე თბილისში გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო.
2023 წლის 26 დეკემბერს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდეგაც ძებნილი პირი აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.
უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი აშშ-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, კერძოდ, 2017-2021 წლებში ტეხასის შტატში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.
ექსტრადირებული პირი ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.
საქართველომ იტალიას ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა>>
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა - მან საზღვარი გადმოკვეთა ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა 2023 წლის 27 ივნისიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0