საქართველომ იტალიას ინტერპოლით ძებნილი პირი გადასცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2023
გამოწერა
იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველოდან იტალიაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული პირი იტალიის სამართალდამცველების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის იძებნებოდა.
იტალიის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.
გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წლიდან ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში - დაკავებული და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას.
იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის იტალიაში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო.
მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იტალიის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადასცეს.
საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით მომავალშიც ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0