კობახიძემ განმარტა, რატომ აღინიშნება შობა 7 იანვარს

© photo: Sputnik / Stringer„ალილო" თბილისში
„ალილო თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2024
გამოწერა
ამ თარიღთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხს „მისი უდიდებულესობა ისტორია" იძლევა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მწერალ ლაშა ბუღაძეს შეზღუდული აზროვნების მქონე ადამიანი უწოდა შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტის გამო.
ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ შობის 7 იანვარს აღნიშვნას „რუსული შობა" უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ქრისტიანმა ეს დღე ორი კვირით ადრე - 25 დეკემბერს აღნიშნა.
„ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა (ფსიქოლოგები - რედ.), თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს", - განაცხადა კობახიძემ.
პარტიის თავმჯდომარემ ბუღაძეს ფსევდომწერალი უწოდა და აღნიშნა, რომ შობა იულიუსის კალენდრით 7 იანვარს 325 წლიდან აღინიშნება.
„ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლისა და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბუღაძე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფსევდოლიბერალური მომხრეების ერთ-ერთი საყვარელი მწერალია.
კობახიძემ მწერალსა და მის თანამოაზრეებს შეახსენა, რომ რომის პაპმა იულიუსის კალენდრისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დაადგინა, და მართლმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარზე რჩებოდა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ქართულისგან განსხვავებით, ავტოკეფალიაც არ ჰქონდა მიღებული.
ქრისტეშობა საქართველოში: კიდევ ერთი მიზეზი სასწაულის სარწმუნებლად>>
ანუ, მართლმადიდებლური შობა ქართულია თუ რუსული, „ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა", - აღნიშნა კობახიძემ.
„ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ!" - დაწერა კობახიძემ და მართლმადიდებლებს კიდევ ერთხელ მიულოცა შობის დღესასწაული.
საქართველოს მართლმადიდებლებმა კვირას ერთ–ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაული – ქრისტეშობა აღნიშნეს. ყველა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში ღამე საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართა. ამ დღეს მთელ ქვეყანაში საზეიმო საშობაო მსვლელობა „ალილო" გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0