თბილისში საშობაო „ალილოს“ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება

© photo: Sputnik / Stringerალილო
ალილო - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2024
გამოწერა
„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის კურთხევით აღდგა 2000 წელს.
თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.
საშობაო მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეშობის სამადლობელი პარაკლისით დასრულდება.
საპატრიარქოს ცნობით, სადღესასწაულო მსვლელობის დროს მეალილოეებს შეხვდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და მეალილოეებისთვის – განსხვავებული შესამოსელი. დღესასწაულს ალამაზებს ურმები, რომლებიც სპეციალურად კასპის რაიონის სოფელ მეტეხიდან ჩამოჰყავთ.
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს>>
თბილისის მერიის ცნობით, ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით დედაქალაქში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. ტრანსპორტის მოძრაობა სრულად ალილოს მსვლელობის დასრულების შემდეგ აღდგება.
საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.
საქართველოში „ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა – მოქალაქეები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.
ყველა ახალი ამბავი
0