საქართველომ „მეტას“ მომხმარებლებზე ინფორმაცია 47-ჯერ მოსთხოვა: ექვსი თვის მონაცემები

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. გასული წლის პირველ 6 თვეში ტრასნაციონალური კომპანია „მეტასადმი“ საქართველოს მთავრობის მიმართვათა რაოდენობა მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, გაზრდილია, ირკვევა კომპანიის წლიური ანგარიშიდან.
გავრცელებული ცნობით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 47-ჯერ მიმართა „მეტას“ 149 ანგარიშთან დაკავშირებული შესაბამისი თხოვნით.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ჰოლდინგი ინფორმაციის სრულად, ნაწილობრივ ან საერთოდ არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც თითოეულ განაცხადს დეტალურად შეისწავლის და მის სამართლებრივ საფუძვლებს დაადგენს.
როგორც კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, ქართული მხარის მოთხოვნათა უმეტესობა სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას უკავშირდებოდა. ამიტომ კომპანიამ საქართველოდან შესული მოთხოვნების 93.62% დააკმაყოფილა — საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდა.
ანგარიშის მიხედვით, გასული წლის პირველ ექვს თვეში, წინა წლებთან შედარებით, ასევე გაზრდილია „მეტას“ მიერ საქართველოს მთავრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში რეგიონის ქვეყნებიდან ჰოლდინგს ყველაზე მეტჯერ საქართველომ მიმართა. სომხეთის მთავრობამ იმავე პერიოდში კომპანიას მხოლოდ ხუთი მოთხოვნა გაუგზავნა — საიდანაც 60% დაკმაყოფილდა, აზერბაიჯანის მთავრობამ კი15-ჯერ მიმართა — დაკმაყოფილდა 40%.
რაც შეეხება ქვეყანას, რომელმაც საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში ყველაზე ბევრჯერ მოითხოვა „მეტასგან“ მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, ეს შეერთებული შტატებია. აშშ-მა ექვს თვეში 73 956 განაცხადი წარადგინა 125 ათასზე მეტი პირის აკაუნტის თაობაზე. აქედან დაკმაყოფილდა მოთხოვნათა თითქმის 88%.
ევროპის ქვეყნებიდან იგივე მოთხოვნით კომპანიას ყველზე მეტი განცხადება გერმანიიდან აქვს მიღებული: 21 ათასამდე განაცხადიდან დაკმაყოფილდა 71.75%.
ყველა ახალი ამბავი
0