სწრაფად და კომფორტულად: რომელი გზების დასრულება იგეგმება 2024 წელს

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2024
გამოწერა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. 2024 წელს საქართველოს ხელისუფლება ბიუჯეტიდან 1,9 მილიარდ ლარს გამოყოფს სხვადასხვა მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
მთავრობის პროგნოზით, 2024 წელს საერთაშორისო მნიშვნელობის ყველა გზა 95%-ით მოეწყობა და გარემონტდება, ხოლო საქართველოს შიდა გზები — 85%-ით.
„Sputnik საქართველომ“ ერთად მოუყარა თავი ყველა იმ ძირითად სიახლეს, რომლებიც წელს იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურაში.

ყველაზე გრძელი გვირაბი

2024 წელს საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობის დასრულება იგეგმება, რომელიც, ექსპერტების აზრით, ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს ზამთრის საცობების საკითხს საქართველო-რუსეთის საზღვისკენ მიმავალ გზაზე.
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2024 წლის თებერვალში დასრულდება, რის შემდეგაც კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.
ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გამავალი ცხრა კილომეტრის სიგრძისა და 15 მეტრის დიამეტრის გვირაბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა იქნება.
პროექტის ფარგლებში სულ 23-კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტირებული გზა, ხუთი ხიდი და ხუთი გვირაბი შენდება.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ახალი შემოვლითი მარშრუტი გახდება.
გარდა ამისა, 2024 წელს რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი გზის კიდევ ერთი მონაკვეთის — ნატახტარი-ჟინვალის 27 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მგზავრობის დროს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი

2024 წელს დასრულდება საქართველოს მთავარი მაგისტრალის, აღმოსავლეთ-დასავლეთის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობაც, რომელიც „შუა დერეფნის“ ნაწილია და აზიას ევროპასთან აკავშირებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგნოზით, 2024 წელს დასრულდება რიკოთის უღელტეხილის ურთულესი მონაკვეთის, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი-ჩოლოქისა და ბათუმის შემოვლითი გზების მშენებლობა.
რიკოთზე გამავალი გზა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს და აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს. ახალი ოთხზოლიანი და 51,6 კმ სიგრძის გზა მოიცავს 97 ხიდს და 51 გვირაბს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს.
ამ ავტომაგისტრალის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, წითელი ხიდიდან (აზერბაიჯანის საზღვარი) სარფამდე (თურქეთის საზღვარი) მისვლას, რვა საათის ნაცვლად, 4-4,5 საათი დასჭირდება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, იგივე ევროპის სატრანზიტო გზა E-60, სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც საფრანგეთის ბრესტში იწყება და ირკეშტამში (ყირგიზეთი)მთავრდება. საქართველოში E-60 აზერბაიჯანის საზღვარზე იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.

საზღვრებთან მისადგომები

ყურადღების გარეშე არც საქართველოს გავლით სატრანზიტო მარშრუტის ფაქტობრივი კარიბჭე დარჩება.
კერძოდ, 2024 წელს საქართველოს საზღვრებისკენ სამი მნიშვნელოვანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება. ესენია:
ბათუმი-სარფი საქართველო-თურქეთის საზღვრამდე;
თბილისი-სადახლო საქართველოსა და სომხეთის საზღვრამდე;
თბილისი-წითელი ხიდი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე.

ტურისტული გზები

სახელმწიფოს არც საქართველოს მთავარი ტურისტული მარშრუტები დავიწყებია. მიმდინარე წელს გაგრძელდება ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონში —კახეთში.
2024 წელს დასრულდება გურჯაანის გავლით შემოვლითი გზის, ასევე თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზების მშენებლობა.
გარდა ამისა, 2024 წელს დასრულდება საჩხერე-ონის, ბაღდათი-აბასთუმნის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხისა და სხვა გზების მშენებლობაც.
.
ყველა ახალი ამბავი
0