კახა კალაძემ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2024
გამოწერა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს 91 წელი შეუსრულდა.
თბილისი, 4 იანვარი —Sputnik. თბილისის მერმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს 91 წელი შეუსრულდა.
„უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ ჩვენს სულიერ წინამძღვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღეს! მადლობა მას ქვეყნისთვის გაწეული ღვაწლისთვის!“ - დაწერა კალაძემ სოციალურ ქსელში.
თბილისის მერმა პატრიარქს ასევე უსურვა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
პრემიერი: ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს>>
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელ კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა>>
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
პაპუაშვილი: ილია მეორის ამაგი ფასდაუდებელია ქართული სულიერების განმტკიცებაში>>
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
ყველა ახალი ამბავი
0