პერსპექტივები არის, გარანტიები - არა: ექსპერტთა მოსაზრებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.01.2024
გამოწერა
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, რომელიც, ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, შეიძლება დიდხანს - თავად ევროკავშირის დაშლამდეც კი გაგრძელდეს.
ევროსაბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა.

„თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში თურქეთს მსგავსი სტატუსი აქვს და ქვეყანას არც კი მიანიშნებენ, რომ მომავალში ექნება შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს შეიძლება დიდხანს მოუწიოს ევროკავშირში გაწევრიანების ლოდინი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება თავად ევროკავშირი და როგორ წარმოაჩენს თავს საქართველო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს. ამიტომ, ეს მხოლოდ უკეთესი მომავლის იმედია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკეთესი მომავლის გარანტია“, — მიიჩნევს პოლიტოლოგი ვასო კაპანაძე.

მისი თქმით, სტატუსი ქვეყანას გარკვეულ ეკონომიკურ დივიდენდებს მისცემს. მაგრამ ამ პროცესს აქვს უარყოფითი მხარეც, რადგან, კაპანაძის თქმით, ქვეყანას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ექნება ევროკავშირის ყველა ქვეყნის წინაშე ევროპული ცხოვრების რელსებზე გადასვლის თვალსაზრისით, რათა ქვეყანაში არსებობისა და განვითარების ევროპული პრინციპები დაინერგოს.
„და, რა თქმა უნდა, იბადება კითხვა: იქნება თუ არა ეს პრინციპები საქართველოს სუვერენული განვითარების პრინციპებთან კონფლიქტში? თუ ამ მხრივ დიდი პრობლემები წარმოიქმნება, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება, რომელიც ემოციური საზოგადოებაა, უკმაყოფილებას. გამოთქვამს“, — ხაზგასმით აღნიშნა კაპანაძემ.
მისი თქმით, პერსპექტივა ყოველთვის არსებობს, მაგრამ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.
„ერთია გახდე კანდიდატი და მეორეა, გაწევრიანდე ევროკავშირში. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დარჩება ევროკავშირი ამჟამინდელი სახით, ან გაძლიერდება მომავალში. ან პირიქით, წავა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მსგავსი პროცესები. არავინ იცის, როგორ გარდაიქმნება მომავალში ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებების ფარგლებში, ამიტომ ამ საკითხზე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. მაგრამ ის, რომ წინ ძალიან გრძელი პროცესია და ეს აშკარად არ არის მომდევნო ათი-თხუთმეტი წლის საქმე, ვგულისხმობ საქართველოს შესაძლო შესვლას ევროკავშირში, ფაქტია“, — აღნიშნა მან.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე არანაირ გავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროპული პერსპექტივა ერთია, მაგრამ ევროატლანტიკური პერსპექტივა სულ სხვა საკითხია.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, ცალსახად წინააღმდეგი იქნება ნატოში ისეთი ქვეყნების გაწევრიანებისა, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. მაგრამ ევროკავშირისკენ მოძრაობაში, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული რეაქცია — მკაფიოდ გამოხატული, უარყოფითი რეაქცია რუსეთისგან არ უნდა იყოს მოსალოდნელი“, — მიაჩნია პოლიტოლოგს.
როგორც პროფესორი ლალი მოროშკინა ამბობს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება საერთოდ არაფერს იძლევა, გარდა იმისა, რომ ახლა გადატრიალების მცდელობა დაამუხრუჭა.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მე არ გავარომანტიკულებდი ამ სტატუსს, რომელსაც არასდროს არავისთვის არაფერი მიუცია. ეს სრულიად უსარგებლო სტატუსია. მაგრამ ამ სტატუსმა შეაყოვნა ის ახალგაზრდები, რომლებსაც ტვინი გამოურეცხეს, რომლებსაც უთხრეს, რომ ვეღარ შეძლებდნენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით უვიზოდ ფრენას იტალიაში ან საფრანგეთში. ესაა და ეს“, — მიაჩნია მოროშკინას.
მისი თქმით, მსგავსი სტატუსი ბევრ ქვეყანას აქვს. თავად ევროპული ქვეყნები კი, როგორც მოროშკინამ აღნიშნა, უკვე ევროკავშირიდან გასვლას ცდილობენ.
„ევროკავშირი ძალიან მალე დაიშლება. ის პრაქტიკულად უკვე დაიშალა. და როგორც კი არჩევნების შემდეგ ევროპაში კონსერვატიული ძალები მოვლენ, პირველი, რასაც გააკეთებენ, ევროკავშირს დატოვებენ. ამიტომ, ჩვენ არასდროს გვექნება ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, ვინაიდან ეს გაერთიანება არ იარსებებს. ზოგადად, ყველა გაერთიანება ოდესღაც იშლება, ისევე როგორც სსრკ დაიშალა“, — აღნიშნა პოლიტოლოგმა.
როგორც კიდევ ერთი პოლიტექსპერტი თამარ კიკნაძე ამბობს, ამ ეტაპზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ რეალურად რას იძლევა იგი, ეს სხვა საკითხია.
„მათ ახალი პირობები წამოაყენეს. ყველაფერი არ გვაწყობს, მაგრამ მთავრობა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კარგად ვაჭრობენ. მეჩვენება, რომ ასე თუ გააგრძელებენ, ძალიან კარგი იქნება, რადგან უნდა შევხედოთ, ამ ცხრა პუნქტიდან, რა არის ჩვენთვის კარგი და რა — არა“, — განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება ცხრა პუნქტის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
„საქართველო ახლა კარგ მდგომარეობაშია. ჩვენ შეგვიძლია კარგად ვაჭრობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ის სჭირდება დასავლეთსაც, რუსეთსაც და აღმოსავლეთსაც. ამიტომ ჩვენ ძალიან მიზანმიმართული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული სუვერენული პოლიტიკა უნდა გავატაროთ“, — ამბობს პოლიტოლოგი.
კიკნაძის თქმით, ახლა ახალი მსოფლიო წესრიგი შენდება და რა კოალიციები იქნება, რა ორგანიზაციები და რა სუბიექტები ითამაშებენ პოლიტიკაში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
ყველა ახალი ამბავი
0