DRG რეფორმა: სახელმწიფომ 550 ათასზე მეტი სამედიცინო შემთხვევა დააფინანსა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2023
გამოწერა
თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. DRG რეფორმის დაწყებიდან დღემდე 395 ათასზე მეტ მოქალაქეს 550 000-ზე მეტი სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფომ, დაახლოებით, 840 მლნ ლარით დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაფინანსების აღნიშნული მოდელი ქვეყანაში წარმატებით დაინერგა, კერძოდ, მისი ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ პაციენტების თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა.
უწყების ცნობით, DRG-ის ამოქმედების შედეგად სრულად იფარება პაციენტის კვება, ასევე გაუქმდა მანამდე არსებული 500 და1000-ლარიანი ფრანჩიზები.
რეფორმის პირველ ეტაპზე დაფინანსების DRG მოდელი გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებაზე, ინფექციური დაავადებების მართვაზე, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობაზე ვრცელდებოდა.
2023 წლის ნოემბრიდან კი დაფინანსების არნიშნულ მოდელს საკეისრო კვეთისა და მშობიარობის მომსახურებები დაემატა. კერძოდ, ამ ორი სერვისის ტარიფი გათანაბრდა და 1222 ლარით განისაზღვრა. DRG სისტემითუკვე დაფინანსდა3500-ზე მეტი მშობიარობა.
უწყების ცნობით, DRG რეფორმის ფარგლებში, წესდება სამართლიანი ტარიფებიც, კერძოდ, ამ მიზნით, ფასები გადაიხედა და ტარიფები განახლდა 88 DRG კოდზე.
სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიღწევაა.

რა არის DRG?

DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ აქამდე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი ხდება. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
ყველა ახალი ამბავი
0