რთული გეოპოლიტიკური დიზაინი კავკასიაში: წლის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა

© photo: Sputnik / Alexei Kudenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2023
გამოწერა
სერგეი მარკედონოვი
2023 წელი სამხრეთ კავკასიაში სავსე იყო მოვლენებით. ბევრი მათგანი, თავისი შედეგებით, წლიური კალენდრული განრიგის ჩარჩოებს გასცდა: არაღიარებულმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა, აზერბაიჯანმა დაასრულა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თურქეთმა თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები გააძლიერა სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთი კი ცდილობდა, ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის საუკეთესო გარანტად წარმოეჩინა თავი.
რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობამ სერიოზული შეუსაბამობები აჩვენა. როგორც ჩანს, ის ძველებური აღარ იქნება. მაგრამ ორივე ქვეყანას ერთმანეთი სჭირდება და ამიტომ პრობლემების რაციონალური გადაწყვეტის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან მოსკოვი აქტიურად უწევდა თავისი ინტეგრაციული პლატფორმების პოპულარიზაციას და ირანთან და თურქეთთან ერთად აქტიურად განიხილავდა პროექტის „3+3“ ეკონომიკურ პერსპექტივებს.
კავკასიას არც ელექტორალურმა პროცესებმა აუარა გვერდი. აზერბაიჯანული ფაქტორი თურქეთში ბოლო არჩევნების მნიშვნელოვან ნაწილებად იქცა. ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნები ფორმალურად მუნიციპალური დონის კამპანიაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერევანში ქვეყნის ამომრჩეველთა მესამედზე მეტი ცხოვრობს, მას დე ფაქტო ეროვნულს ხდის.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა, საქართველოში კი უკვე დაიწყო „გახურება“ ოთხწლედის მთავარი პოლიტიკური შეჯიბრის — საპარლამენტო კამპანიის წინ.

გეოპოლიტიკური დიზაინის გართულება

გაზვიადებული არ იქნება, თუ მთიანი ყარაბაღის სტატუს კვოს ცვლილებას წლის მთავარ მოვლენას ვუწოდებთ კავკასიაში. ცნობები ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ოდესღაც არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში და იქ სამხედრო აღლუმის გამართვა — ეს აზერბაიჯანისა და მისი მხარდამჭერი თურქეთის პოლიტიკური წარმატების აშკარა დემონსტრირებაა.
მთიან ყარაბაღთან დაკავსირებულმა სიტუაციამ ნათლად აჩვენა საშუალო და მცირე სახელმწიფოების შესაძლებლობები და რესურსები — ქვეყნებისა, რომლებიც არ ფლობენ ბირთვულ იარაღს, მაგრამ აქვთ მკაფიო საგარეო პოლიტიკური მიზნები, ნება და სიმტკიცე, გააძლიერონ თავიანთი ეროვნული ინტერესები.
ბაქოსა და ანკარის ქმედებები არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად მივაწეროთ პროდასავლურ ან პრორუსულ ვექტორს. თუმცა ირანი კავკასიაში თურქული ტანდემის გაძლიერებას ნატოსა და კოლექტიური დასავლეთის გავლენის გაძლიერებად აღიქვამს (თურქეთს ნატოში რიცხოვნობით მეორე არმია ჰყავს). მაგრამ ვინ როგორც უნდა შეაფასოს აზერბაიჯანულ-თურქული ალიანსის შესაძლებლობები, მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ სამხრეთ კავკასია ხდება არა მხოლოდ „ვესტერნიზაციის“, არამედ „ისტერნიზაციის“ რეგიონიც.
ის საკუთარ თავზე ცდის ირან-ისრაელის დაპირისპირების ზემოქმედებას (აზერბაიჯანი კი წარმატებით ურთიერთობს ებრაულ სახელმწიფოსთან), და ასევე თეირანსა და ანკარას შორის უთანხმოებებს. ამასთან სამი ევრაზიული გიგანტი (რუსეთი, ირანი და თურქეთი) ვერ უგულებელყოფს კავკასიაში სირიულ ფაქტორს და პირიქით.
ბევრმა იჩქარა და, წლის შედეგების მიხედვით, რუსეთი რეგიონის ლიდერებიდან ამოიღო, დააფიქსირა რა მოსკოვი-ერევნის კავშირის შესუსტება, ყარაბაღის დეარმენიზაცია“, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირებაში რუსეთის ექსკლუზიური მოდერატორული როლის დაკარგვა.
ამავდროულად, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გაზრდილ აქტივობაზე, როგორც სამშვიდობო პროცესში, ისე საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის პოპულარიზაციის საქმეში.
თბილისს მართლაც დიდი ხნის განმავლობაში კვებავდნენ დაპირებებითა და ქვეყანაში დემოკრატიული დიზაინის გაუმჯობესების რეკომენდაციებით, და მკაფიო სტატუსების მინიჭებას ავადებდნენ.
და ეს მაშინ, როცა ევროინტეგრაციის სფეროში რეფორმებისა და პროგრესის კუთხით საქართველომ შორს ჩამოიტოვა მოლდოვაც და უკრაინაც. თუმცა 2023 წლის ბოლოს ქვეყანამ მაინც მიიღო კანდიდატის სანუკვარი სტატუსი.
მართლაც, რუსეთისთვის კავკასიაში სიტუაცია არც ისე იოლია. მიზეზი ბევრია: ძალისხმევების სპეცოპერაციაზე ფოკუსირებაც, თურქეთზე მზარდი დამოკიდებულებაც დასავლეთთან მიმდინარე დაპირისპირების ფონზე (რაც პრიორიტეტების ფოკუსის გარკვეულ ცვლილებას მოითხოვს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში), სომხეთში პოლიტიკოსთა თაობების შეცვლაც და ასევე მოსკოვისა და ერევნის მოლოდინების „მაკრატელიც“.
მაგრამ ამის საფუძველზე საგანგაშო განწყობებსა და კატასტროფიზმებში ჩავარდნა არასწორი იქნებოდა. ყარაბაღის ქეისი თითქოს დახურულია, მაგრამ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი არ დასრულებულა. და საქმე მხოლოდ ფორმალურ ფურცელზე — სახელწოდებით „სამშვიდობო შეთანხმება — ხელმოწერა კი არ არის, არამედ სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაც. ეს ყველაფერი რუსეთის მონაწილეობის გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემურად გამოიყურება.
ასევე აღსანიშნავია რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთქმედების შესაძლებლობები, ასევე EAEU-ს ინტეგრაციული მიმზიდველობა სომხეთისთვის და მისი მეზობელი ირანისთვის.

შიდაპოლიტიკური დინამიკა

რაოდენ მნიშვნელოვანიც უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის გარდაქმნები, რეგიონის ქვეყნებში შიდა დინამიკის იგნორირება შეუძლებელია.
და მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს, როგორც წესი, „მომიჯნავედ“ მიიჩნევენ და არა კავკასიურ ქვეყნად, მისი 2023 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ევრაზიის ამ ნაწილში არსებულ ვითარებასთან კავშირში უნდა განიხილებოდეს.
ჯერ პირველი: აზერბაიჯანული წარმოშობის თურქმა პოლიტიკოსმა სინან ოგანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვებაში. დაიკავა რა პირველ ტურში მესამე ადგილი 5,22%-ით, მან სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოგანი ადრე კვლევას ატარებდა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე და რუსეთში ამ თემაზე სადოქტორო დისერტაციაც კი დაიცვა რუსულ ენაზე.
მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვა, რესპუბლიკა ეროვნული ელექტორალური პაუზის პერიოდში შევიდა.
მით უფრო მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატებისთვის ხმის მიცემის მნიშვნელობა, რომლის შედეგების მიხედვითაც განისაზღვრება ერევნის მერი. დე ფაქტო, ეს იყო ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის ზოგადი დათვალიერება.
ფაშინაინის პროსახელისუფლებო პარტია, მართალია, ფინიშთან პირველი მივიდა, მაგრამ მნიშვნელოვანი უპირატესობა ვერ მოიპოვა. და კიდევ ოთხი გაერთიანება „შეიყვანა“ უხუცესთა საბჭოში.
ფაშინიანის გუნდს ასეთი სტრეს-ტესტი ორი წელია არ განუცდია. თუმცა, მან მაინც მოახერხა ამ გამოწვევის დაძლევა, როგორც ყოველთვის, შიდა ოპოზიციური უთანხმოების გამოყენებით. სომხეთის დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრის პროტეჟე ტიგრან ავინიანი გახდა.
წლის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა. და მიუხედავად იმისა, რომ მის ძალაუფლებას რეალურად არავინ და არაფერი ემუქრება, თანაც მისი უფლებამოსილების ვადა, გეგმის მიხედვით, მხოლოდ 2025 წელს იწურება, ასეთი „აჩქარება“ მაინც გასაგებია.
ალიევი ცდილობს, რომ ყარაბაღში წარმატება ელექტორალურ დონეზე განამტკიცოს. მანამდე ხომ სახელმწიფოს მეთაურად შემცირებული ტერიტორიული ფორმით აირჩიეს. სახეზეა მისი სწრაფვა, გააძლიეროს თავისი პრეზიდენტობისა და ზოგადად სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმაცია.
მთავარი შიდაპოლიტიკური ბრძოლები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. ქვეყანაში კი ყველაზე მნიშვნელოვანმა ძალებმა უკვე დაიწყეს „აჩქარება“. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ორგანიზება სცადა — თუმცა წარუმატებლად.
ნიკა (ნიკანორ) მელიამ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სკანდალების ფონზე დატოვა. ამგვარად ის „მესამე ძალის“ როლის შესრულებას შეეცდება, როგორც ეს მანამდე ბევრმა სცადა.
ერთი შეხედვით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საგარეო პოლიტიკური მოვლენაა. მაგრამ მას სერიოზული შიდა შედეგები აქვს. სახელისუფლები პარტიას, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია, შეუძლია გაანეიტრალოს ოპოზიცია, რომელიც ცდილობს იყოს უფრო ევროპული, ვიდრე თავად შარლ მიშელია. ახლა უკვე ძნელი იქნება „ქართული ოცნების“ გაქცევის იდეოლოგემის გათამაშება „ევროპული ოპოზიციის ოცნებისგან“.
ამრიგად, 2023 წელს კავკასიაში ბევრი რამ შეიცვალა. პოლიტიკური დღის წესრიგი უფრო რთული გახდა, კავკასიის ქვეყნები სულ უფრო მეტად ექვემდებარებიან მეზობელი სახელმწიფოებისა და რეგიონების მხრიდან ზეწოლას.
გარე ფაქტორები, უსაფრთხოების დიზაინის ტრანსფორმაციები დიდ გავლენას ახდენს შიდა დინამიკაზე. ზოგიერთი პრობლემის ნაკრები იხურება, მაგრამ იხსნება სხვები. მთელი ეს გაურკვევლობა ხელს უწყობს ტურბულენტობის შენარჩუნებას — როგორც მთლიანად რეგიონში, ისე კავკასიის ცალკეულ ქვეყნებში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0