კალაძე: არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე

© Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.12.2023
გამოწერა
ზოგიერთი შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსგან წინადადებებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იღებენ.
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია გადაწყვეტილება, ვინ უნდა იმღეროს კონცერტზე, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე მუსიკალური შემსრულებლის მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.
„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას... როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს. ღმერთია მოწმე, არასდროს ჩავრეულვართ მსგავს საკითხებში. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალა-კონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.
ქართველ შემსრულებლებს ხელისუფლება ბლოკავს? მუსიკოსები უკმაყოფილო არიან>>>
ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები – ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს არც თბილისში და არც რეგიონებში, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათ, უბრალოდ, ბლოკავს.
პირველად საჯაროდ „ბოიკოტის“ შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქათამაძემ დაწერა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მომღერალს საპროტესტო და უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა არ აპატია.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა–კონცერტი გაიმართება. მასმედიის ინფორმაციით, ის დედაქალაქის ხელისუფლებას 719 ათასი ლარი დაუჯდება. კონცერტები ახალი წლის ღამეს რეგიონებშიც ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0