ქართველ შემსრულებლებს ხელისუფლება ბლოკავს? მუსიკოსები უკმაყოფილო არიან

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ილუმინაციები
საახალწლო ილუმინაციები - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
ზოგიერთი შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოსგან წინადადებებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ იღებენ.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები – ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, მერაბ სეფაშვილი, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე არ მიიწვიეს არც თბილისში და არც რეგიონებში, ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მათ, უბრალოდ, ბლოკავს.
ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალა–კონცერტი გაიმართება. მასმედიის ინფორმაციით, ის დედაქალაქის ხელისუფლებას 719 ათასი ლარი დაუჯდება. კონცერტები ახალი წლის ღამეს რეგიონებშიც ჩატარდება.
პირველად საჯაროდ „ბოიკოტის“ შესახებ სოციალურ ქსელში ნინო ქათამაძემ დაწერა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მომღერალს საპროტესტო და უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა არ აპატია.
„სამწუხაროდ ვერც ერთ ქალაქში ვერ შევხდებით, განსაკუთრებულად მტკივა ჩემი ბათუმი... მთელი კულტურა დამოკიდებული გახდა პოლიტიკურ კონიუნქტურაზე“, – განაცხადა მომღერალმა.
როგორც სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომელსაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან სამი წლის გოგონა ჰყავს, ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ისინი, როგორც შემსრულებლები, საერთოდ არ არსებობენ.

„არ მქონია შემოთავაზება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მიზეზი არავის არ უთქვამს, შემოთავაზებაც არ მქონია - თითქოს არ ვარსებობთ, მაგრამ არაუშავს, ჩვენ ჩვენს მაყურებელს სხვა ადგილებში ვხვდებით, თეატრში, კონცერტებზე, სამთავრობო კონცერტებისგან შორს ვართ უკვე“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მომღერალი მერაბ სეფაშვილი ვარაუდობს, რომ მას პოლიტიკური შეხედულებების გამო ბლოკავენ. შემსრულებელს არასდროს დაუმალავს, რომ სააკაშვილისა და მის მიერ დაფუძნებული პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა.
„ბლოკავენ პოლიტიკურად, ვინც არ მოსწონთ, ეგ არის რა, არ არის ეგ?მეც ასე ვფიქრობ, რომ დამბლოკეს, მაგრამ ეს არანაირად არ მაზიანებს“, – განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ის მაინც მართავს კონცერტებს თავისი მსმენელისთვის.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში მომღერალმა ნატო მეტონიძემ, რომელიც გამოვა საახალწლო კონცერტზე, განაცხადა, რომ არტისტების დაბლოკვის პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს - ეს მახინჯი, რაღაც გაუგებარი, ამოუხსნელი პრაქტიკა, რომელიც არ დამთავრდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მეტონიძემ.
ამავე დროს მომღერალმა გაიხსენა, რომ მასაც ბლოკავდნენ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე.

მეტონიძის თქმით, მას ეს საკითხი აწუხებს, ალბათ, ისევე, როგორც თავის დროზე აწუხებდა ნინო ქათამაძეს, როდესაც მას კონცერტებზე არ იწვევდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს და კერძოდ, თბილისის მერს, კახა კალაძეს არტისტების განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
მედიასაშუალებების მონაცემებით, საახალწლო კონცერტში მონაწილეების ჰონორარები ამგვარია:
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – 56 ათასი ლარი
ანსამბლი :ერისიონი“ – 20 ათასი ლარი
ნატო მეტონიძე – 5.860 ლარი
სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილი) – 5.860 ლარი
ეკა მამალაძე – 2.605 ლარი
ნუკრი კაპანაძე – 2.605 ლარი
ეკა კახიანი – 2.605 ლარი
ლიზა ბაგრატიონი – 2.605 ლარი
ნიკა ქოჩაროვი – 2.605 ლარი
ანრი ჯოხაძე – 1.955 ლარი
ნინა სუბლატი – 1.955 ლარი
ლიკა სირაძე – 1.955 ლარი
ყველა ახალი ამბავი
0