ძალიან დახუნძლული წელი იყო - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შედეგები შეაჯამა

© FB / Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
ასევე ჩატარდება სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის შეხვედრები, განაცხადა ელჩმა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2023 წელი იყო ძალიან დახუნძლული აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, რასაც მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა ადასტურებს, განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.
საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
„აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხება, ნამდვილად, ძალიან დახუნძლული წელი იყო. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო ვიზიტები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დეკემბრის თვეში, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების ვიზიტები“, - განაცხადა პატარაძემ.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა პრემიერ ღარიბაშვილის „მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის“ მნიშვნელობას, რომლითაც ის 2021 წლის ბოლოს გამოვიდა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა შესთავაზა. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
„ისტორიულად საქართველოში ყოველთვის იყო შესაძლებლობა, მეზობელი ქვეყნები შეკრებილიყვნენ და ესაუბრათ შესაბამის თემებზე, პირველ რიგში, მშვიდობაზე. ვფიქრობ, ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული მომავალშიც. 2024 წელსაც დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების, ასევე დარგობრივი მინისტრების“, - განაცხადა პატარაძემ.
პაპუაშვილი: აზერბაიჯანს და საქართველოს ძმობა აერთიანებს >>
ელჩის თქმით, ასევე ჩატარდება სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისია, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, როგორებიცაა „შუა დერეფანი“, პერსპექტივები, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, ელექტროკაბელების გაყვანა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
„ჩვენ ყველანი მომსწრე ვიქნებით მნიშვნელოვანი შეხვედრების ქალაქ ბაქოსა და სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 26-28 დეკემბერს იმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“.
2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტები თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობენ>>>
საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0