სკანდალი ცათამბჯენების გამო - ხელისუფლება კრიტიკას კრიტიკით პასუხობს

© photo: Sputnik / Stringer"ლაგუნა ვერე"
ლაგუნა ვერე - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმა“, რომელიც თბილისში ცათამბჯენების აშენებას ეხებოდა.
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიცია იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ პროექტზე და მის ხარვეზებზე ისაუბროს, პირველ რიგში იგებს, თუ ვის ეკუთვნის მშენებლობის გეგმა, ასე მოხდა თბილისში, „ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე განაშენიანების გეგმასთან დაკავშირებით, განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო საქართველოსთვის“ გმირთა მოედანზე მდებარე „ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენების მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, 40 და 52-სართულიანი შენობები საშიშია უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. გარდა ამისა, ოპოზიციის ინფორმაციით, მშენებლობას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი კომპანია „კოსტავა 69“ განახორციელებს.
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ტექსტები ყველა პროექტზე, რომელიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ერთმანეთს ჰგავს. ანალოგიური განცხადებები იყო, როდესაც მივიღეთ მშენებლობის რეგულირების გეგმა. ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ პროექტზე ვისაუბროთ, პირველ რიგში რას აკეთებენ? ნახულობენ ამონაწერებს და არკვევენ ვის ეკუთვნის კონკრეტული პროექტი“, - განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, საკრებულოს დეპუტატებს წარედგინათ დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რისკების სრულ არარსებობას. სხვა დოკუმენტები წარმოდგენილი იქნება შემდეგ ეტაპზე - არქიტექტურული პროექტის დამტკიცების დროს.
„იმედი მაქვს, რომ ხვალ კომისიის და საკრებულოს სხდომაზე ამ პროექტზე დადებითი დასკვნა იქნება მიღებული“, - განაცხადა სოხაძემ.
თბილისის საკრებულომ 2023 წლის 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
რა ელოდება „ლაგუნა ვერეს"
თბილისის ყველაზე დიდი აუზი „ლაგუნა ვერე", რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს აშენდა, აღდგენილი იქნება. ამ სამუშაოებს კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი" შეასრულებს. „ნეო სითი დეველოპმენტმა" 2014 წელს დაკეტილი აუზის ტერიტორია ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან შეიძინა.
„ლაგუნა ვერეს" კომპლექსი 1965–1978 წლებში ქართველი არქიტექტორების პროექტით აშენდა. ის პირველი საწყლოსნო სპორტკომპლექსი იყო კავკასიაში, რომელიც სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო შეჯიბრებებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, „ლაგუნა ვერე" თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0