„ნაცმოძრაობა“ ღალატისთვის უნდა გასამართლდეს – „ხალხის ძალა“

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში შეასრულა გარედან მიღებული, გლობალურ მიზნებზე გათვლილი ბრძანება, მიიჩნევს საზოგადოებრივი მოძრაობა.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით უმძიმესი ღალატისთვის უნდა გასამართლდეს, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აგვისტოს კონფლიქტს წინ უძღოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების შეცვლა, იქ დე–ფაქტო ხელისუფლების ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, კოდორის ხეობისთვის სახელის შეცვლა და მისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, იძულებით გადაადგილებულებისთვის 2008 წელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობის მიცემა, ასევე უხეში რიტორიკა რუსეთის მიმართ და უამრავი პროვოკაცია.
„2006 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მოაწყო არაერთი სამხედრო პროვოკაცია, მათ შორის რამდენიმე პროვოკაცია უშუალოდ აგვისტოს ომის დაწყებამდე განხორციელდა. ეს ყველაფერი უტყუარად ადასტურებს, რომ 2008 წლის დანაშაული არ იყო სპონტანური და დაუგეგმავი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ ეს იყო „ნაცმოძრაობისა“ და მისი პატრონების კარგად გათვლილი სცენარი. რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ კონფლიქტის შედეგების შესახებ, აღნიშნეს საზოგადოებრივ მოძრაობაში.
„თუმცა, მათი გეგმა არც იყო წინააღმდეგობის გაწევაზე გათვლილი. მაშინ ნაციონალებმა შეასრულეს დაკვეთა, რომელიც არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, არამედ გარკვეულ გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი. სამწუხაროდ, ამ გლობალურ სცენარში საქართველო საკუთარმა ხელისუფლებამ საზარბაზნე ხორცის მისიისთვის გაწირა, რაც სამშობლოს ღალატი იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ღალატის კულმინაციაა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებები სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო. უფრო მეტიც, ქართულ ჯარს ის ომის დანაშაული დააბრალეს, რომელიც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია.
„ხალხის ძალამ“ ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის ამოღება დააინიცირა, ხოლო კონფლიქტიდან ერთ თვეში, 2008 წლის სექტემბერში ეს შესწორებები დაამტკიცა. იმავე პერიოდში ამოიღეს კონსტიტუციიდან ჩანაწერი სამშობლოს ღალატის შესახებ.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტულად თანამშრომლობს სალომე ზურაბიშვილთან, გუბაზ სანიკიძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან, რომლებსაც თავის დროზე მკაფიოდ აქვთ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომი მხოლოდ ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ნაციონალებს, პატიმრების წამებასთან, ბიზნესის რეკეტთან, ტელევიზიების მიტაცებასთან, არჩევნების გაყალბებასთან და სხვა უმძიმეს დანაშაულებთან ერთად, ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვთ ჩადენილი, აღნიშნულია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალა, თავისი ყველა სატელიტით და მეტასტაზით, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებლად უმკაცრესად უნდა გასამართლდეს. ვფიქრობთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ მიიჩნევს, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მყარი გარანტია საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის დასასრულებლად და ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა. ამასთან, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უცვლელია.
ყველა ახალი ამბავი
0