საქართველოდან თითქმის 20 მლნ აშშ დოლარის მანდარინია ექსპორტირებული

© photo: Sputnik / Vladimir Umikashvili მანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
წელს აჭარაში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან.
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე საქართველოდან ექსპორტირებულია 29,3 ათასი ტონა მანდარინი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
უწყების ცნობით, ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 17,1 ათასი ტონით (141%), ხოლო ღირებულება - 12,7 მლნ აშშ დოლარით (191%) გაიზარდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.
ყველა ახალი ამბავი
0