რატომ არ მიიწვიეს ელჩების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი – დარჩიაშვილის პასუხი

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
გასულ წელს პრეზიდენტმა მიიღო მოსაწვევი ღონისძიებაზე დასასწრებად, მაგრამ არ მოვიდა, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „ელჩების კონფერენცია 2023“ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის კონკრეტულ მოქმედებებს ეძღვნება და ღონისძიების სტუმრების სია ამ პრინციპით შედგა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ არის მიწვეული ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები. საქართველოს პრეზიდენტს 26–28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში მონაწილეობაზე მოსაწვევი არ მიუღია, განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გასულ წელს კონფერენციაზე მიიწვიეს, მაგრამ მას ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას, როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი, რომელიც განვმარტე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერის წყალობითაც სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 26-28 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება. ღონისძიება გახსნეს ილია დარჩიაშვილმა, ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0