ქრისტიანული საგანძური – საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ახალი დარბაზი გაიხსნა

© Government of Georgiaქრისტიანული საგანძური – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი დარბაზი
ქრისტიანული საგანძური – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
დამთვალიერებელს ქრისტიანული საგანძურის დარბაზში შეუძლია ნახოს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატები, დავით აღმაშენებლის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის ბარძიმი, თამარის ჯვარი და ა.შ.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ეკლესიებსა და მონასტრებში საუკუნეების განმავლობაში დაცული ექსპონატები.
დარბაზის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სამღვდელო პირები და მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის, ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ ხელოვნების თითოეულ ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მუზეუმში წარმოდგენილი ნამუშევრები ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობას ადასტურებს, აღნიშნა პრემიერმა.
„შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საგამოფენო სივრცის გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46–ე წლისთავს მიეძღვნა. პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ილია მეორის სამადლობელი წერილი წაიკითხა, რომელიც საგამოფენო სივრცის გახსნას ეძღვნება.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
ილია მეორის ინტრონიზაციის შემდეგ საქართველოში მართლმადიდებლობის მასშტაბური აღორძინება დაიწყო. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის 46 ეპარქიაა. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა.
დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
ყველა ახალი ამბავი
0