არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული საარჩევნო ტექნოლოგიებზე - ცესკოს რეაქცია კრიტიკაზე

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
დაახლოებით 300 ათასმა ამომრჩეველმა უკვე იცის, როგორ მისცეს ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, აცხადებენ ცესკოში
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სიცრუეა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მტკიცებები იმის შესახებ, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია არც კი დაწყებულა და ამომრჩევლებმა რეგიონებში არ იციან, როგორ უნდა მისცენ ხმა, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები პირველად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის სიცრუე... ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში, ხალხმრავალ დღესასწაულებზე“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მოქალაქეებს პირადად აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ, როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები, აღნიშნულია განცხადებაში.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით 1.700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია მიიღო 150.000-მდე ამომრჩეველმა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122.000-მდე ამომრჩეველმა.
2023 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის საარჩევნო ოლქებში, ასევე გურჯაანის რაიონის მერის რიგგარეშე არჩევნები.
გარდა ამისა, საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდა როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში, რიგდება საინფორმაციო ბროშურები.
ახალი საარჩევნო პროცედურების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მეთოდია იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა.
ცესკომ პოლიტიკოსებს და ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ამ პროცესში დეზინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას.
ყველა ახალი ამბავი
0