ბაკურიანი მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშისათხილამურო სპორტი
სათხილამურო სპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება გუდაურში 3-4 თებერვალს სნოუბორდ–კროსში, ხოლო ბაკურიანში სქი–ქროსის დისციპლინაში– 10-11 თებერვალს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ბაკურიანი 22–23 დეკემბერს მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს, რომლის ორგანიზატორია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS), იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
საერთაშორისო შეჯიბრებაში 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს. ეს ქვეყნებია: აშშ, კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები.
შეჯიბრება კოხტას მთაზე გაიმართება. ტრასა „კოხტა–2“ FIS–მა ამ დისციპლინისთვის ყველაზე გრძელ ტრასად აღიარა მსოფლიოში.
შეჯიბრებაზე სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია წარმოდგენილი იქნებიან შეჯიბრებების დირექტორის, ანდრე რინალდისა და ტექნიკური დელეგატის ალექს სპანის სახით.
„ქართულმა მხარემ საორგანიზაციო კუთხით მასშტაბური სამუშაო ჩაატარა. დიდი ინვესტიციებია განხორციელებული სპორტის, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ხელი ძალიან შეუწყო მსოფლიო ჩემპიონატის ბაკურიანში ჩატარებამ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ზრდისთვის“, – განაცხადა რინალდიმ.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023) ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.
მისი თქმით, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო.
ბაკურიანში ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებლად 100 მლნ ლარი გამოიყოფა>>
2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება: გუდაურში სნოუბორდ კროსის (3-4 თებერვალი), ხოლო ბაკურიანში სქი ქროსის დისციპლინაში (10-11 თებერვალი).
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, რომელიც 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართა. მასში მონაწილეობდა 40–ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 700 სპორტსმენი. საქართველოს მთავრობამ პრესტიჟული პირველობის ჩასატარებლად 270 მლნ ლარი გამოყო.
ყველა ახალი ამბავი
0