მინისტრი: საქართველოში არ იქნება არც ერთი უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახი

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. არც ერთი მრავალშვილიანი ოჯახი არ დარჩება საკუთარი სახლის გარეშე, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც ახალი მასშტაბური პროექტის დაწყება დააანონსა.
განცხადება იმის თაობაზე, რომ უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ეტაპობრივად მოხდება, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ნოემბერში გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფო 1 ათას სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
„მომავალ წელს სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მასშტაბური პროექტი დაიწყება, რომელიც, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა იქნება. 2 წელზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი გვაქვს 50 მილიონი. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1 ათას ოჯახს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით და ქვეყანაში აღარ იქნება მრავალშვილიანი ოჯახი, ვისაც შეიძლება საკუთარი სახლი არ ჰქონდეს", - განაცხადა აზარაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, პროექტის რეალიზაციისთვის 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს, დანარჩენი 25 მილიონი კი – 2025 წელს.
გარდა ამისა, იგეგმება რთულ პირობებში მცხოვრები 13 ათასი დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ჯანდაცვის სამინისტრომ 9 მლნ ლარი გამოყო.
მინისტრის თქმით, პროექტი 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის ბოლომდე 13 ათასი ოჯახი სრულად იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით. მათგან 7 ათასი ოჯახი გარემონტებულ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, დანარჩენები კი „სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილდებიან. მშენებლობები საქართველოს ხუთ ქალაქში მიმდინარეობს.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, ბინების გადაცემის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 2024 წლის ზაფხულში დაიწყება.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია.
ყველა ახალი ამბავი
0