ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9,5 პროცენტს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდან რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა. მიმდინარე წლის მაისიდან მარეგულირებელმა მისი შემცირება დაიწყო და იგი 10,5%-ის ნიშნულზე დადგინა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში კი 10%-მდე შემცირდა.
მარეგულირებლის ცნობით, საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0,1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1,8 პროცენტს გაუტოლდა.
„მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3,8 პროცენტი შეადგინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.
თუმცა დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც.
როგორ შეიცვალა საქართველოში ევროსტანდარტებით დათვლილი ინფლაციის დონე>>
„ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, აღნიშნავს მარეგულირებელი.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა მომავალი წლის 31 იანვარს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0