სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში: სიმპტომები და საფრთხები

© unsplash/online marketingექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში (AIWS), ანუ ტოდის სინდრომი, რომელსაც დროის, ადგილისა და საკუთარი სხეულის გამრუდებული აღქმა ახასიათებს, იშვიათ დაავადებად მიიჩნევა, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ მისი სიმპტომები შაკიკით დაავადებული ადამიანების 15%-ს აღენიშნება, აცხადებენ ექიმები.
გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, მსგავსი შეგრძნებები ცხოვრებაში ერთხელ ადამიანთა 10%-ს მაინც განუცდია. ამასთან ზუსტდება, რომ ყველაზე ხშირად სინდრომის სიმპტომები ბავშვებში იჩენს თავს.

სინდრომს სახელი ლუის კეროლის რომანის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მიხედვით ეწოდა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ იცვლიდნენ ზომას მთავარი გმირი ალისა და მის ირგვლივ არსებული ობიექტები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ავტორს თავად აწუხებდა მსგავსი შეგრძნებები, რასაც შაკიკი, ეპილეფსია ან ნარკოტიკები იწვევდა.

სინდრომის სიმპტომები

ექიმებმა ბოლო 60 წლის განმავლობაში სინდრომთან 40-ზე მეტი სიმპტომი დააკავშირეს. ამიტომ კლინიკური სურათი ძლიერ განსხვავებულია. თუმცა არსებობს სინდრომის ძირითადი მახასიათებლები. ესენია:
მიკროფსია — ანუ, როდესაც ადამიანს ობიექტები პატარა ეჩვენება;
მაკროფსია — ანუ, როდესაც ადამიანს ობიექტები დიდი ეჩვენება;
ტელეფსია — როდესაც ობიექტები უფრო შორს ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია;
პელოფსია — როდესაც ობიექტები უფრო ახლოს ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია;
მეტამორფოფსია — საკუთარი სხეულის გაფართოება, შემცირება ან დამახინჯება;
განცდა, რომ დრო ძალიან სწრაფად ან ნელა გადის;
მოკლევადიანი ვიზუალური ჰალუცინაციები;
სმენითი და ტაქტილური აღქმის ცვლილებები;
დეპერსონალიზაციისა და დერეალიზაციის ეპიზოდები, როდესაც რეალობის შეგრძნება იკარგება.
თუ რატომ, რის საფუძველზე ჩნდება სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში, სპეციალისტებს ამის დარწმუნებით თქმა ჯერჯერობით არ შეუძლიათ, ვინაიდან სინდრომის არც ისე ბევრი შემთხვევაა აღწერილი. თუმცა ექიმები AIWS-ს უკავშირებენ ისეთ მდგომარეობას, როგორებიცაა:
შაკიკი — ამასთან ყველაზე ხშირად სიმპტომები ვლინდება შეტევის წინ ან მის შემდეგ;
ვირუსული ინფექციები — ბარი, კოქსაკი და გრიპი;
ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად, ლაიმის დაავადება;
თავის ტრავმები;
სისხლის მიმოქცევის დარღვევა მხედველობის ანალიზატორის ან შუბლის წილის არეში;
ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ინჰალაციური ნარკოტიკების გამოყენება;
ფსიქიკური დარღვევები — როგორიცაა დეპრესია, შიზოაფექტური აშლილობა, ფსიქოზი, შიზოფრენია;
ეპილეფსია;
მძიმე სტრესი.
რით არის საშიში?
თავისთავად ეს სინდრომი განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს, საშიში შეიძლება მისი გამომწვევი დაავადება იყოს. უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია და ეპიზოდების ინტენსივობა და სიხშირე თანდათან მცირდება.
მიუხედავად ამისა, ექიმების რჩევაა, სინდრომის სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ გამოკვლევებისთვის ნევროლოგს, რათა ენცეფალიტი, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ეპილეფსიაგამოირიცხოს. ეს ის დაავადებებია, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კიდეც AIWS-ის სიმპტომებს.
ყველა ახალი ამბავი
0