111 ორსული სამსახურში ფიქტიურად გააფორმეს და 111 ათასი ლარი მიითვისეს

© Depositphotos.com / EugeneGensyurovksyორსული
ორსული - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ექვსი პირი პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული ექვსი პირიდან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი - კომპანიის ბუღალტერი.
გავრცელებული ინფორმაციით, 2020-2022 წლებში ბრალდებულებმა ორსული ქალები ფიქტიურად გააფორმეს მათ მმართველობაში არსებულ საწარმოებში, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული დახმარება აეღოთ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით გარიგებაში შევიდნენ ორსულ ქალებთან და ისინი ფიქტიურად გააფორმეს საკუთარ მმართველობაში არსებულ საწარმოებში.
„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიქტიურად დასაქმებული 111 პირის მიერ მიღებულ იქნა ორსულებისთვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება - ჯამში 111 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც განაწილებულ იქნა ბრალდებულებსა და ორსულ ქალებს შორის", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 180-ე (თაღლითობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0