პირს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად ასაღებდა, 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
დაკავებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ თანხებს, ჯამში 295 ათასი ლარისა და 135 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეთა ნდობის მოპოვების მიზნით, დაკავებული თავს პროკურატურის თანამშრომელ პირად აცხადებდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა გამოგონილ ინფორმაციას, თითქოს მისი ოჯახის წევრები იყვნენ სამშენებლო კომპანიის მფლობელები, მათ ჰპირდებოდა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სხვადასხვა სახის უძრავ ქონებას, კერძოდ, მშენებარე საცხოვრებელ ბინებსა და კომერციულ ფართებს თბილისსა და ბათუმში.
დაკავებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ თანხებს, ჯამში 295 ათასი ლარისა და 135 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა თაღლითურად დაუფლებული თანხა აზარტული თამაშების კომპანიებში გადარიცხა და ასევე სხვის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
ყველა ახალი ამბავი
0