პარკები, სკვერები, სპორტული მოედნები - თბილისის მერმა საკრებულოს ანგარიში ჩააბარა

© photo: Sputnik / Stringerმზიურის პარკი თბილისში
მზიურის პარკი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2023
გამოწერა
თბილისში დასასვენებელი ზონების მოწყობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ 2023 წელს 40 ჰექტარამდე ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა, გარემონტდა პარკები, სკვერები და სპორტული მოედნები, – ამის შესახებ მერმა კახა კალაძემ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ რეკრეაციული ზონების მშენებლობა და აღდგენა მისი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო სამი წლის განმავლობაში აღდგენითი სამუშაოები დედაქალაქის ბევრ პარკსა და სკვერში ჩატარდა.
„2023 წელს თბილისის მერიის მიერ 40 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 პარკს, 329 სკვერს და 82 სპორტულ მოედანს. ჯამში, დაირგო 114.730 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 207.000 კვ მ ფართობზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ამავე ფართობზე დაითესა და დაირგო ბალახის საფარი“, - განაცხადა კალაძემ საკრებულოში.
გარდა ამისა, მისი თქმით, დედაქალაქის მასშტაბით დაირგო 390.000 სეზონური ყვავილი.
თბილისის გარშემო არსებული ტყის აღდგენა-განაშენიანების პროექტის ფარგლებში 17 ჰექტარზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.
გარდა აღნიშნულისა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებულ 16 ჰა ფართობზე განხორციელდა მწვანე ნარგავების (ტყის) აღდგენა-გაშენების სამუშაოები. დაირგო სხვადასხვა სახეობის 16.776 ნერგი. როგორ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მათი მოვლა-პატრონობა მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0