საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟის ავანგარდში იდგა – კობახიძე

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციისგან არაფრით არ განსხვავდება, მიიჩნევს პოლიტიკოსი.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში, ხოლო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. კობახიძის თქმით, დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთეს.
„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატი სტატუსი. მათ შორის ერთ-ერთი ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე... მითუმეტეს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის".
„ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერის წყალობითაც ზურაბიშვილმა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, დღეს აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას შეუერთდა. ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
კალაძე: საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0