კალაძე: საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის რადიკალურ ფრთას წარმოადგენს

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
კალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თემაზე მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში დიდი ცვლილებების შეტანას ვერ შეძლებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. მისი თქმით, არჩევნები, სავარაუდოდ, გააძლიერებს პოლარიზაციას საქართველოში და „ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
„მას რაღაც ცვლილება ნამდვილად არ შეუძლია დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, თუნდაც, ოპოზიციურ სპექტრში შემოიტანოს... სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნის მტერია და ამ ქვეყნის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
კალაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თემაზე მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია.
„საგარეო კურსზე ხომ ყველა ვთანხმდებით და ყველასთვის ხომ მნიშვნელოვანია ევროპა, ევროპული მომავალი, ევროინტეგრაცია. ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს, გარკვეული დრო სჭირდება, შენ რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია გქვია, დარბიხარ ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებ, ქვეყანამ რომ სტატუსი არ მიიღოს, გქვია პრეზიდენტი, პრეზიდენტის სტატუსი გაქვს და პირდაპირ ამბობ, საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელია. ასეთი პოლიტიკოსების ადგილი იქნება იქ, სადაც ეს რადიკალური ოპოზიცია იმყოფება“, - განაცხადა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - მმართველი პარტიის რეაქცია >>
რაც შეეხება ზურაბიშვილის რეპუტაციას, კალაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობენ პრეზიდენტზე უცხოელები, მთავარია - რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა.
„ეს ყველა პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. როცა საქართველოში აკეთებ პოლიტიკას, პოლიტიკოსი გქვია, ამ სტატუსის მატარებელი ხარ, პოლიტიკური პარტია გყავს, რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობაში მოიპოვო ავტორიტეტი და შენი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა გქონდეს“, - განაცხადა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0