სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - მმართველი პარტიის რეაქცია

© courtesy of Salome Zourabichviliსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში დიდი ხანია აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეთანხმებით მოქმედებს
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, ხოლო მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დარწმუნებულია, რომ ის შეუერთდება ოპოზიციის ფლანგს, რომელსაც „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“ უდგას სათავეში.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
„ჩემი გეგმაა, თუ შეიძლება ამას გეგმა ეწოდოს, მივიყვანო ჩემი მანდატი დასასრულამდე და შევასრულო ჩემი როლი. პრეზიდენტი უნდა შეეცადოს, მიაღწიოს კონსენსუსს ქვეყანაში, რომელიც ღრმად პოლარიზებულია. ცხადია, ეს არ არის იოლი ამოცანა საარჩევნო წელს. არჩევნები, სავარაუდოდ, გახდება ვითარების კიდევ უფრო დაძაბვის მიზეზი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებას“, - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა კითხვას, აპირებს თუ არა ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წაიწევს წინ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, აღნიშნა პრეზიდენტმა.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს თავისი როლი ექნება „ნაცმოძრაობის“ კლასტერში.
„პრაქტიკულად, უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მას თავისი როლი ექნება „ნაცმოძრაობის“ კლასტერში. მოდაშია ფსევდოშუაშისტური როლი და ისიც მოდის ამ ტენდენციებს მიჰყვება. ის ამ ტრენდში ზის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ.
ამასთან, ოპოზიციაში პრეზიდენტის სწრაფვა სათანადოდ არ შეფასდა.
„პრეზიდენტს თუ მართლა უნდა, რომ ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს, მეტ-ნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს საარჩევნო გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს. დანარჩენი უკვე სხვა საკითხია“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0