ექსპერტი: კანდიდატის სტატუსის მიღება ევროკავშირის კარის გაღებას არ ნიშნავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
ექსპერტის თქმით, ევროკავშირი 2030 წლამდე არ გეგმავს გაფართოებას
,თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება არანაირად არ იმოქმედებს ქვეყნის გაერთიანებაში შესვლაზე, განაცხადა პოლიტოლოგი პეტრე მამრაძემ „Sputnik-საქართველოსთან" .
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სტატუსის მინიჭება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოს, ევროკავშირში მიიღებენ როგორც სრულუფლებიან წევრს", - განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მიჯნავს.
„განსაკუთრებით მაშინ, როცა დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, როცა საქართველოს ტერიტორიაზე არის ძლიერი რუსული ბაზები და რუსეთი ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, და ჩვენ ვიცით, რომ ინციდენტები საკმაოდ ხშირად ხდება. და იმასთან შედარებით, რომ არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან საზღვრის დელიმიტაცია არ გვაქვს, ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, - განაცხადა მან.
როგორც მამრაძემ აღნიშნა, მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე სერიოზული საუბარი არ მიმდინარეობს.
„მაგრამ მომავალი ისეთი რამაა, რისი ბოლომდე პროგნოზირებაც შეუძლებელია. შორეულ მომავალში ყველაფერი შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი თავისით არ აპირებს 2030 წლამდე გაფართოებაზე ფიქრს“, - აღნიშნა მამრაძემ.
ამასთან, მამრაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დადებით ასპექტებზე. უპირველ ყოვლისა - ეს არის ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ჩავარდნა, რომლის განხორციელებასაც აპირებდნენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მიიჩნევს ექსპერტი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით. სუსის მონაცემებით, საქართველოში არეულობები დაიგეგმა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
„სტატუსის მოპოვება გამოიხატა და გამოიხატება იმაში, რომ სააკაშვილის „ნაცისტებს“ („ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები - რედ.), ყველას, ვინც მოქმედებს როგორც სხვა პარტია, მაგრამ სინამდვილეში არის „ნაცისტების“ ნაწილი ან მათი მომხრეები, „საპნის ბუშტივით" ჩაეფუშათ მოლოდინი იმისა, რომ სტატუსის არმიღებით უკმაყოფილო ადამიანები, ახალგაზრდები, ქუჩაში გამოვიდოდნენ, საპროტესტო აქციებს გამართავდნენ და პარლამენტში შეჭრას შეეცდებოდნენ", - განაცხადა მამრაძემ.
ამასთან, ექსპერტი ბევრ სასარგებლოს ხედავს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რადგანაც საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს სესხები და გრანტები სხვადასხვა პროგრამების განსახორციელებლად, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0