უკრაინასთან მიმართებით უნგრეთის პოზიციამ შეიძლება საქართველოს საკითხი დააბრკოლოს?

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. განცხადება იმის თაობაზე, რომ უნგრეთის პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, არის სპეკულაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„წელს რატომ არის აუცილებელი, რომ საქართველო მაინცდამაინც ერთ კალათში იყოს მოთავსებული უკრაინასა და სხვა ქვეყნებთან ერთად? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და სპეკულაციურია ნებისმიერი განცხადება, რომ შესაძლოა, უნგრეთის პოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით დააბრკოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა კობახიძემ.
ასეა თუ ისე, უკრაინის საკითხმა არ უნდა იმოქმედოს საქართველოს თემაზე, მით უმეტეს, რომ ჩვენ გასული წლის გამოცდილება გვაქვს, ხაზგასმით აღნიშნა კობახიძემ.
„შარშან უკრაინას და მოლდოვას მისცეს სტატუსი, საქართველოს - არა. ანუ, ავტომატურად არავის უგულისხმია, რომ უკრაინასა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ნიშნავდა. პირიქით, გამიჯნეს აქედან საქართველოს საკითხი", - დასძინა პოლიტიკოსმა.
ამასთან, როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, იგი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის გასაჯაროების მომხრეა.
„შეიძლება, ევროკომისიის მოთხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროვდეს (დოკუმენტი - რედ.), ვიდრე კონსულტაციები გრძელდება. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, დოკუმენტი დამტკიცებულია ოფიციალურად სამთავრობო კომისიის მიერ. მე ვარ მომხრე, რომ იგი გასაჯაროვდეს რაც შეიძლება მალე, აქ დასამალი არაფერია. ეს არის მარტივი დოკუმენტი, სადაც გაწერილია აქტივობები, პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები,“ - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე: ევროპულმა საბჭომ საქართველოზე დასკვნა გამოაქვეყნა>>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0