თხოვნა შეწყალების თაობაზე და სინანული: ლაზარე გრიგორიადისის პირველი ინტერვიუ

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2023 წლის 9 მარტი
აქციის დაშლა. 2023 წლის 9 მარტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
დღეისთვის ლაზარე გრიგორიადისს მხოლოდ მამაზე ძალადობის ფაქტზე აქვს განაჩენი გამოტანილი
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ლაზარე გრიგორიადისმა, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა და ქონების განადგურება ცეცხლის წაკიდებით 2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების დროს, ჟურნალისტებს პირველი ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მომავალიც განსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განაჩენი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიტანოს. გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 მარტს მან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ორჯერ ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს მანქანა. მისი ქმედებების შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო.
„ჩემი ოჯახის წევრები აპირებენ, რომ მიმართონ ქალბატონ სალომეს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი თხოვნა აღარ სჭირდება. მე დაახლოებით ვხვდები, როგორი პიროვნებაცაა ჩვენი პრეზიდენტი. ასე რომ, ვფიქრობ, შეხსენებები, შეწუხება არ სჭირდება. თუ შემიწყალებს, პირისპირ გავესაუბრებოდი დიდი სიამოვნებით, საერთო მიზნები გვამოძრავებს ხელისუფლებისგან განსხვავებით. მე ეჭვი არ მეპარება მის ქმედებებში და მისწრაფებებში“, აცხადებს გრიგორიადიასი.
მისი თქმით, ის არაფერს არ ნანობს.
„მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ“, - განაცხადა გრიგორიადისმა.
ამასთან პირდაპირ დასმულ კითხვაზე - ესროლა თუ არა მან „მოლოტოვის“ კოქტეილები პოლიციელებს - ბრალდებულმა იხუმრა.
„მე ვისროლე „მოლოტოვი“, ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი“, - განაცხადა გრიგორიადისმა.
დღეისთვის სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს მამაზე ძალადობის ფაქტზე განაჩენი გამოუტანა. ძალადობაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამასთან, 2023 წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.
პოლიციელებმა სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს >>
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0