მშობიარობის დაფინანსების ახალი წესები საქართველოში - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
აყვანილი ექიმის მომსახურება გათვალისწინებულია ახალ ტარიფში და ამის გამო პაციენტის გათიშვა დაფინანსების პროგრამიდან დაუშვებელია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო არ დაფარავს VIP-პალატის ხარჯებს მშობიარობისას, თუმცა დააფინანსებს არჩევით ექიმის აყვანას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა.
მიმდინარე წლის ნოემბერში ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება, ამასთან მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში 1.222 ლარით განსაზღვრა. მშობიარობის სრულ დაფინანსებაზე გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG - Diagnostic Related Group) დაფინანსების სისტემის გაფართოების შედეგად არის მიღებული.
„აყვანილი ექიმის მომსახურება არის ტარიფში გათვალისწინებული და ამ მიზეზით პაციენტის საყოველთაო პროგრამიდან გათიშვა არ შეიძლება“, - განმარტა ღუდუშაურმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დაფინანსება არ ფარავს მხოლოდ ექსტრაორდინარულ სერვისებს მშობიარობისას.
„ქვეყანაში არსებობს კლინიკები, რომლებიც ერთგვარ, პრემიუმ სერვისს სთავაზობენ პაციენტებს, მაგალითად VIP პალატები და ა.შ, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს სურს, ე.წ. VIP პალატა ან სხვა ექსტრაორდინარული სერვისი, რა თქმა უნდა, შეუძლია, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და თავად დააფინანსოს მომსახურების ხარჯები“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ჯანდაცვის სამინისტრო: მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ როდესაც მშობიარობის ხელშეწყობის პროგრამის საპილოტე რეჟიმი დასრულდება, ამოქმედდება სანქციები და კლინიკებს დააჯარიმებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოსთხოვენ პაციენტს დამატებით თანხას, მათ შორის ექიმის აყვანისთვის.
რაც შეეხება პაციენტების მომსახურებას მაღალანაზღაურებადი ექიმის მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს თვალსაზრისით, ეს საკითხი თავად კლინიკამ უნდა გადაწყვიტოს.
„ეს არის კლინიკის და ექიმის ურთიერთობის საკითხი, როდესაც ექიმი არის ძალიან წარმატებული, ჰყავს ბევრი პაციენტი, ამ შემთხვევაში კლინიკამ და ექიმმა ანაზღაურების ნაწილი უნდა დაარეგულირონ შიდა სტრუქტურით, რაც ბევრად სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
მანამდე ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციაში განაცხადეს, რომ ბევრი სამშობიარო 1221,92 ლარიდან ექიმებს არცერთ თეთრს არ უხდის და ექიმებმა შესაძლოა უარი თქვან მუშაობაზე. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ პაციენტებს, რომლებმაც ექიმი აიყვანეს, მშობიარობისა და ექიმის მომსახურების ხარჯის დაფარვა თავად მოუწევთ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რეფორმის მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პაციენტის თანაგადახდის შემცირება, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის გაზრდა და საბიუჯეტო სახსრების ეფექტური ხარჯვაა.
ასევე ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება (სხვაობა 100 ლარს შეადგენდა), რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისრო კვეთის სასარგებლოდ.
DRG-სისტემა
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან შემოიღო კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც იანგარიშება მკურნალობის საბაზისო ტარიფები. საუბარია საერთაშორისო სისტემაზე DRG (Diagnostic Related Group).
DRG–სისტემა (Diagnostic Related Group) ინგლისურიდან ითარგმნება როგორც „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები". ესაა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ფასწარმოქმნის სისტემა, რომელიც მკურნალობის ცალკეული შემთხვევისთვის გარკვეულ, ფიქსირებულ თანხაში გამოიხატება.
თუ ადრე საქართველოში არსებული კლინიკები, ვთქვათ, აპენდიციტის ოპერაციისთვის სხვადასხვა ფასს სთავაზობდნენ პაციენტებს, ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ აღნიშნული ოპერაციის საფასური ყველა საავადმყოფოში ერთნაირი გახდა. ჯანდაცვის სამინისტრო ახალი სისტემის დანერგვას მკაცრად გააკონტროლებს და კლინიკებს არ ექნებათ პაციენტებისთვის დამატებითი თანხების მოთხოვნის მოტივაცია.
ყველა ახალი ამბავი
0