რეგლამენტის დარღვევისთვის ტექინსპექტირების ცენტრებს დააჯარიმებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოსერვისი
ავტოსერვისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების ინსპექტირებისას ტექნიკური რეგლამენტის დარღვევაზე ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება, იუწყება პირველი არხი.
შესაბამისი ცვლილებების პროექტი 11 დეკემბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე წარადგინეს.
ცვლილებების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი ხდება გააკონტროლოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი განახორციელოს.
პროექტის მიხედვით, ინსპექტირების ცენტრის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც სააგენტოს მიერ ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, დაჯარიმებას გამოიწვევს.
გამონაბოლქვი გზებზე: ბოლო ორ თვეში 1800-ზე მეტო მძღოლი დაჯარიმდა>>>
სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათას ლარს, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში კი პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
გარდა ამისა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებისას.
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ვტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან 0,55%-მდე შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0