პაპუაშვილი: ძველი პირადობის მოწმობების გაუქმება მნიშვნელოვანია რეესტრის მოწესრიგებისთვისაც

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. პირადობის არაელექტრონული მოწმობების გაუქმება არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებს ახალ დოკუმენტზე იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები ექნებათ.

„არსებობს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით... სამწუხაროდ, აქციების, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული მიმოქცევიდან. მათ შორის, არის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, უკვე საქართველოშიც დიდი ხანია არ იმყოფებიან ან გარდაცვლილებიც არიან, ვინაიდან ეს ძველი პირადობის მოწმობებია. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტის ინიციატორი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით განიხილება, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა". პროექტის მიზანია - საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით - შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
ამასთან, დეპუტატები განიხილავენ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.
ძველი პირადობის მოწმებები უქმდება - კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება>>>
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.
ამასთან, ID ბარათებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს - მორწმუნეთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩიპები ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ. ისინი უარს აცხადებენ ამ მოწმობების აღებაზე და გარკვეულ იზოლაციაში რჩებიან - ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, არ შეუძლიათ სწავლა, მუშაობა, ურთიერთობა ბანკთან და ა.შ.
არჩევნები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელიც პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თვალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0