მარგველაშვილმა პრეზიდენტის პეტიციაზე ხელმოწერის პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტები ყოველთვის ევროპაზე იყვნენ ორიენტირებული, აღნიშნა მარგველაშვილა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მას ხელს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოაწერს.
პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.
მარგველაშვილის თქმით, გასაკვირი იყო, რომ ზურაბიშვილმა თავის საჯარო გამოსვლაში არ ახსენა ყოფილი პრეზიდენტები, რადგანაც „პრეზიდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის ევროპისკენ იყვნენ ორიენტირებულები".
„როდესაც ლაპარაკია ამ პეტიციის წარდგენაზე, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად როგორ უყურებ პრეზიდენტს, სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად ჩანდეს, ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, მე ასეთ პეტიციას მოვაწერ ხელს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის პატივს სცემს ზურაბიშვილს და ამდენი წლის განმავლობაში არასდროს გაუკეთებია კომენტარი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, თუმცა ახლა ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა.
„ვალდებული ვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვა... პრეზიდენტმა პრეზიდენტს, პრეზიდენტებს პატივი უნდა სცეს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს? პარლამენტის სპიკერის მოსაზრება>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ერთიანობის მანიფესტი: სააკაშვილის გეგმა ჩავარდა>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0