სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია სამ წელიწადში - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში

© photo: Sputnik / Stringer„აწარმოე საქართველოში“ ლოგო
„აწარმოე საქართველოში“ ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 2020-2023 წლებში მილიარდი ლარის ინვესტიცია მიიზიდა, – ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა შესრულებული სამუშაოს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
„მოვიზიდეთ 20 პროექტი, შევქმენით 6 000 სამუშაო ადგილი და მილიარდ ლარს მიაღწია ინვესტიციების რაოდენობამ, რომელიც კონკრეტულ სექტორებში მოვიზიდეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის ქვეყნის საინვესტიციო სტატისტიკა, ეს სააგენტოს სამიზნე მაჩვენებელია“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისი თქმით, ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკას თუ შევხედავთ, განვითარებულ ქვეყნებში საინვესტიციო სააგენტოებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მთლიანი მოცულობის მხოლოდ 10% აქვთ, ამ მონაცემებს ქართული სააგენტო სრულად აკმაყოფილებს.
„რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას, ვაპირებთ მუშაობის დაწყებას ახალ სექტორებზე და დარწმუნებული ვართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე უფრო მეტი შედეგი გვექნება", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
გარდა ამისა, სამწლიანი სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეიმუშავა პოტენციური ინვესტორი კომპანიების სია, რომელთაგან 2.700-ზე მეტ კომპანიასთან მოხდა დაკავშირება და შედგა 300-ზე მეტი შეხვედრა.
„აწარმოე საქართველოში“: პროგრამის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვა წარმატებით მიმდინარეობს >>
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა და განახორციელა, FDI გრანტის სახელმწიფო პროგრამაა.
პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიებს საშუალება აქვთ ინვესტირებული თანხის 15%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამას უკვე ჰყავს ორი ბენეფიციარი - მულტინაციონალური კომპანიები Lineate და Girteka.
დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა >>
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომლებიც ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0