ახალი სკანდალი: Georgian Airways-ის დამფუძნებელმა ბრალდებებს უპასუხა

© courtesy of Georgian Airwaysთამაზ გაიაშვილი
თამაზ გაიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის წევრის განცხადებებმა თამაზ გაიაშვილის აღშფოთება გამოიწვია.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. კომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" მიერ გამოთქმულ კორუფციაში ბრალდებებს სიცრუე და უსაფუძვლო უწოდა.
გაიაშვილის კორუფციულ გარიგებაზე „ქართული ოცნების" მთავრობასთან უფრო ადრე პარტიის „საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისი თქმით, ამის დამადასტურებელია ავიაკომპანიის ვალების ჩამოწერა. ბუჩუკურის მტკიცებით, ამით მთავრობა გაიაშვილის ვალებს იხდის, რათა დაიფაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ფაქტი.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ძალიან გახშირდა დაუსაბუთებელი ბრალდებებით აპელირება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელმოცარულნი დარჩნენ. ეს ზნეობის აშკარა დეფიციტზე მეტყველებს", - ნათქვამია გაიაშვილის განცხადებაში.
მისი თქმით, ის მთელი ცხოვრება სამოქალაქო ავიაციასა და ხალხს ემსახურებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია კორუფციასთან არც ბიზნესის დაწყებამდე და არც მერე. გაიაშვილმა მთავრობასა და პარლამენტს მიმართა თხოვნით, შეიქმნას ამ საკითხის შემსწავლელი კომისია.
„მე მზად ვარ მივცე ჩვენება და პასუხიც ვაგო ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ თუ გახარიასა და მისი პარტიის მიერ წამოყენებული ბრალდება არ დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში მათ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისა და ცრუ დასმენების გამო", - განაცხადა გაიაშვილმა.
თავის განცხადებაში ბუჩუკურმა გაიაშვილს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლება ამას მალავს და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე მოსკოვში პირდაპირ ფრენებს ნიშნავს. ამასთან, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ თავის დროზე, კოვიდ-პანდემიის დროს, გახარიამ მას საკუთარი მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრების საშუალება არ მისცა.
„ჯორჯიან ეარვეისი" ევროპის მიმართულებით კვირაში თითქმის 60 რეისს ამატებს>>
როგორც გაიაშვილმა განმარტა, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის საკითხი ავიაკომპანიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება და სამთავრობო შეთანხმების საგანია.
„ავიაკომპანია მხოლოდ ოპერატორია, რომელიც ხალხს ემსახურება და ახორციელებს მგზავრთა გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით - მათ შორის რუსეთის", - აღნიშნა გაიაშვილმა.
მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
რაც შეეხება ვალების ჩამოწერას, გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ს არასდროს ჰქონია სახელმწიფოს ვალი. რაც შეეხება სხვა ვალებს, მათ ჩამოწერაზე გადაწყვეტილება მთავრობას არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება კრედიტორთა საბჭომ მიიღო და სასამართლომ დაადასტურა, აღნიშნა მან.
„ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ვალების ჩამოწერის საკითხი მთავრობის კომპეტენციაში არ შედის. გახარიამ ეს თუ არ იცის, მაშინ მისი კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დგება, ხოლო თუ იცის და მაინც ამას ამბობს, ასეთ შემთხვევაში იგი პროვოკატორი და ცილისმწამებელია, ვისაც საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში", - აღნიშნა გაიაშვილმა.
მისი თქმით, გახარიას კომპეტენტურობა მასში ყოველთვის ეჭვს იწვევდა. ამის დასადასტურებლად მან ერთი "სამწუხარო მაგალითი" მოიყვანა, რომელიც ავიაციის სფეროს ეხება. გაიაშვილის ინფორმაციით, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ჩაიდინა სერიოზული დანაშაული.
„კერძოდ, გამოიჩინა გულგრილობა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ „პუმას" ტიპის სასაზღვრო ვერტმფრენს, რომლის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენდა, კანონის დარღვევით, საერთაშორისო დაზღვევის გარეშე მისცა ფრენების განხორციელების უფლება. ერთ-ერთი გაფრენის დროს, ვერტმფრენი ყვარლის მთებში ჩამოვარდა და დაიმსხვრა", - განაცხადა გაიაშვილმა.
Georgian Airways-ს ვალი არ აქვს - ავიაკომპანიამ ტელეარხი დეზინფორმაციაში დაადანაშაულა>>
მისი ინფორმაციით, ვერტმფრენი ჩამოწერეს, ხოლო სახელმწიფომ და ხალხმა უზარმაზარი ზარალი ნახა.
რაც შეეხება იმას, რომ ავიაკომპანიამ გამდიდრება პანდემიის დროს გადაწყვიტა, გაიაშვილის თქმით, ეს არის „უსინდისო ბრალდება, რომელიც მის იაფფასიან რეპლიკას წარმოადგენს". მან აღნიშნა, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად სამოქალაქო ავიაცია დააზარალა.
„უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ეროვნული ავიაკომპანიისთვის გახარიას მთავრობას არანაირი დახმარება არ გაუწევია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა სახელმწიფომ მილიარდების დახმარება აღმოუჩინა საკუთარ ავიაგადამზიდველებს. გახარიამ კი ქართულ, ეროვნულ ავიაკომპანიას ომი გამოუცხადა და მისი განადგურება გადაწყვიტა, რაც არც მეტი, არც ნაკლები, მავნებლობა იყო", - განაცხადა გაიაშვილმა.
რაც შეეხება სამთავრობო ჩარტერულ რეისებს, როგორც მან აღნიშნა, ეს საკითხიც ავიაკომაპანიის კომპეტენციის ფარგლებს სცდება.
„ამას ამომწურავი პასუხი გასცა სამთავრობო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, ვის კომპეტენციაშიც იგი შედის", - აღნიშნა გაიაშვილმა.
ავიაკომპანია Georgian Airways ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა "TV პირველის" სიუჟეტის შემდეგ, რომლის თანახმადაც ქვეყნის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად და სახელმწიფო დაცვის თანხლებით აშშ-ში კერძო ვიზიტით სახელმწიფო ხარჯებით გაემგზავრა. ტელეარხის ცნობით, პრემიერი მიუნხენის გავლით აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 19 აგვისტოს სამთავრობო თვითმფრინავით CRJ200 ჩაფრინდა. თვითმფრინავი მას მიუნხენში ერთი კვირა ელოდა. ღარიბაშვილი ამ თვითმფრინავით საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ თბილისი-მმიუნხენი-თბილისის სპეცრეისი, რომლითაც პრემიერმა ისარგებლა, 34 ათასი ევრო დაჯდა და ეს თანხა კერძო პირმა გადაიხადა.
მთავრობის სტრატკომის განცხადების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
ამ უწყებას უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული თუ კერძო პირებისგან.
მთავრობაში აღნიშნეს, რომ მსგავსი კომერციული რეისი მანამდე არაერთხელ შესრულებულა.
ყველა ახალი ამბავი
0