სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსდროშა
საქართველოსდროშა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 23 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
„23 პირიდან 21 სამხედრო, ხოლო ორი – სამოქალაქო პირია. მათი გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის თანამშრომლობით, ორმხრივი ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა", –ნათქვამია განცხადებაში.
სამხედრო პირებიდან 17-ს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ.
2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით 1992-1993 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 288.
ყველა ახალი ამბავი
0