ნათია თურნავა: ოქროზე მოთხოვნამ ეროვნული ბანკის მოლოდინებს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდები
ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა ნებისმიერ კლიენტს მიეცეს უფრო დივერსიფიცირებული როგორც დაზოგვის, ასევე ინვესტიციის საშუალება, განაცხადა მარეგულირებლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ოქროს ზოდებზე მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, განაცხადა აქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
ეროვნულმა ბანკმა 4 დეკემბრიდან დაიწყო 20 გრამის და 1 კგ ნომინალის ოქროს სერტიფიკატების და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო. ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
„ვაჭრობის პირველმა დღემ, რომელიც გუშინ დავიწყეთ, მოლოდინს გადააჭარბა, რადგან 60-მდე მცირე ზომის ოქროს ზოდი და ერთი 1 კგ წონის ზოდი გაიყიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული, რათა ნებისმიერ კლიენტს, ვისაც ეს დააინტერესებს, შევთავაზოთ უფრო დივერსიფიცირებული როგორც დაზოგვის, ასევე ინვესტიციის საშუალება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მომხმარებლებს ოქროს სერტიფიკატების შეძენა კომერციულ ბანკებში შეუძლიათ.
ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებ-გვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება.
ეროვნული ბანკი ოქროს ზოდებს გაყიდის და ოქროთი უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს >>
1-კილოგრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ).
სებ-მა დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებული, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები გაყიდვაში გამოუშვა. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.
ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ეროვნული ბანკის ცნობით, წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2.000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0