ეროვნული ბანკი ოქროს ზოდებს გაყიდის და ოქროთი უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიოქრო
ოქრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს, აღნიშნავს მარეგულირებელი.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება.

„ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარეგულირებელს მიაჩნია, რომ ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყება.
უწყების ცნობით, უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება.
ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება/დადგინდება.
ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება.
20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ-მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი.
ვებ-გვერდზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებ-გვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება.
თუ ყიდვას გადაწყვეტთ: რა უნდა იცოდეთ ოქროს სამკაულების შესახებ>>
1-კილოგრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ).
უწყებაში აღნიშნავენ, რომ სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.
ეროვნული ბანკის ცნობით, წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2.000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0