თუ ყიდვას გადაწყვეტთ: რა უნდა იცოდეთ ოქროს სამკაულების შესახებ
15:44 12.12.2022 (განახლებულია: 20:23 12.12.2022)
© Pixabay / 8180766ოქროს სამკაულები
© Pixabay / 8180766
გამოწერა
თუ ოქროს ნივთის ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა გახსოვდეთ: ლამაზი ნაკეთობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ხარისხიანი იქნება.
ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ძვირფასი ლითონის სამკაულის შეძენისას.
უმთავრესი კრიტერიუმი — ოქროს სინჯია („პრობა“), რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი პროცენტი წმინდა ოქრო შედის სამკაულში.
ქვემოთ თანამედროვე სინჯების ჩამონათვალს, მათ მნიშვნელობასა და ღირსებებს გაგაცნობთ.
ოქროს სინჯები და კარატები
სინჯი 375 - შენადნობში შედის 37,5% ოქრო, 10% ვერცხლი, 48,7% სპილენძი, 3,8% პალადიუმი. გამოიყენება საქორწინო რგოლების დასამზადებლად. ამ სინჯის სამკაული გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, მაგრამ მალე კარგავს თავდაპირველ ბრწყინვალებას. კარატული სისტემით ეს სინჯი 9 კარატის იდენტურია.
სინჯი 500 - შენადნობში შედის 50% წმინდა ოქრო. კარატული სისტემით 12 კარატის ტოლია და ძვირი არ ღირს. იუველირებს არ უყვართ ამ სინჯის გამოყენება, ვინაიდან ცუდი ჩამოსასხმელია. ამ სინჯის ოქროთი დამზადებული ნაკეთობა რამდენიმე წელში მცირედ კარგავს ფერს და მქრქალი ხდება.
სინჯი 585 - შენადნობში შედის 58,5% ოქრო, 28,7%-მდე ვერცხლი, 18%-მდე პალადიუმი ან 17% ნიკელი, 8,7% თუთია და 16%-მდე სპილენძი. ეს სინჯი მეტად მტკიცეა და არ კარგავს ფერსა და ბრწყინვალებას. შეესაბამება 14 კარატს. არცთუ ძვირი ღირს, რაც არის კიდეც მისი პოპულარობის საფუძველი.
სინჯი 750 - შეიცავს 75% წმინდა ოქროს, 15%-მდე ვერცხლს, 14%-მდე პალადიუმს, 4%-მდე ნიკელს, 2,4%-მდე თუთიას ან 16,5%-მდე ნიკელს, 15%-მდე სპილენძს. შეესაბამება 18 კარატს. გამოირჩევა ჭედვის კარგი უნარით და ფრიად მოსახერხებელია იუველირებისთვის სამუშაოდ. სინჯი დიდი რაოდენობით წმინდა ოქროს შემცველობის გამო პრესტიჟულად მიიჩნევა და საკმაოდ ძვირიც ღირს.
სინჯი 958 - ეს მაღალხარისხოვანი შენადნობია. შედგება სამი კომპონენტისგან, რომელთაგან 95,8% წმინდა ოქროა, დანარჩენი კი ვერცხლი და სპილენძი. შეესაბამება 23 კარატს. ამ სინჯის ნაკეთობის ფერი თითქმის არ განირჩევა წმინდა ოქროს ფერისგან. თუმცა ნაკეთობებს მეტად რბილი სტრუქტურა აქვს და იოლად იკაწრება და იჩხაპნება. ამ სინჯის ნაკეთობები საკმაოდ ძვირი ღირს, მათი ფასი თითქმის უტოლდება წმინდა ოქროს ფასს.
სინჯი 999 - ყველაზე მაღალი სინჯი, რომელიც 24 კარატს შეესაბამება. ამ სინჯის ოქრო ყველაზე ძვირი ღირს. თანამედროვე იუველირები ასეთ შენადნობს არასდროს იყენებენ მთლიანი სამკაულის დასამზადებლად. მისგან მხოლოდ სხვადასხვა „ჩანართი“ მზადდება, რომელსაც გარს 585 სინჯის დეტალი აკრავს. ეს იმიტომ, რომ ის ძალიან რბილია, იოლად ტყდება და ცვდება.
ევროპული ოქრო
იტალიაში სამკაულების დასამზადებლად არ იყენებენ 750 სინჯის ოქროზე ნაკლებს. ოღონდ ესაა, რომ ევროპული 750 უფრო მეტ ვერცხლს შეიცავს, საბჭოური ოქრო კი – სპილენძს. სწორედ ამიტომ აქვს ძველ, საბჭოთა პერიოდის ოქროს მოწითალო ელფერი და უფრო მტკიცეც არის.
ამასთან უნდა იცოდეთ, რომ იტალიური ოქრო სერტიფიცირებულია, რათა ცნობილი საიუველირო სახლების ნაკეთობების გაყალბება არ მოხდეს. თუ საცალო გამყიდველი სამკაულის ნამდვილობის დამადასტურებელ სერტიფიკატს არ წარმოგიდგენთ, პრაქტიკულად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ელიტური ნიმუშის ნაცვლად დაბალხარისხიან სიყალბეს გთავაზობენ, ოღონდ ორიგინალის ფასად!
ამასთან ბრენდულ ნაწარმზე, გარდა სინჯისა, აუცილებლად უნდა იყოს დატანილი მწარმოებლის დამღა.
შვეიცარიაში კანონი კრძალავს 750 სინჯზე ნაკლები ოქროს გამოყენებას საიუველირო საქმიანობაში.
ფრანგული ოქრო, ანუ ორაიდე – ძვირფასი ლითონის იმიტაცია ბრინჯაოს შენადნობია. შედგება 58,3% წითელი სპილენძისგან, 16,7% კალისგან და 25% თუთიისგან. ის ძალიან ჰგავს ფერით ოქროს, თუმცა მასში ეს ლითონი საერთოდ არ შედის.