კიდევ უფრო სახალისო იქნება - კალაძე „ნაცმოძრაობის" შიგნით არსებულ ვითარებაზე

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სავარძლების გადანაწილებისთვის დიდიხანია შიდაპარტიული ბრძოლაა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო და სახალისო შოუ გველოდება, განაცხადა მმართველი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რღვევის პირასაა და მას შემდეგ, რაც პარტიის ხელმძღვანელობამ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას პარტიის რიგებიდან გარიცხვის შესახებ განაცხადა, მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაკარგვას აგრძელებს.
„ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია და ვფიქრობ, გაგრძელდება. ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, რომ დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი. ერთი რამ ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, შიდა პარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის. რაღაც ვერ გაინაწილებს და ვერ გაიყვეს", - განაცხადა კალაძემ.
რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად და როგორც იქნება, ეს არც მე და ვფიქრობ, არც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს, დასძინა მმართველი პარტიის გენმდივანმა.
გასულ კვირაში რიგი რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკრებულოების დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან" თავმჯდომარის პოსტიდან ხაბეიშვილის გადადგომა და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. მათ ხაბეიშვილს მოუწოდეს, აიღოს პასუხისმგებლობა უმოქმედობისა და პარტიაში შიდა დაპირისპირების გაღრმავებაზე, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან მელია ამ თანამდებობაზე შეცვალა.
„ნაცმოძრაობას" აპოკალიფსი დაუდგა - დეპუტატი>>>
ამის ფონზე ორშაბათს „ნაცმოძრაობის" ცხრა წევრმა, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს და განაცხადეს, რომ მათ „პარტიის ერთიანობის ყველა შანსი ამოწურეს".
უკვე სამშაბათს „ნაცმოძრაობა" პარტიის კიდევ 17-მა წევრმა დატოვა, საიდანაც 14 ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატია, ხოლო სამი - ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა ღირებულებების გამო მიიღეს. პარტიის უკვე ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას ან მელიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ.
რაც შეეხება მელიას, გასულ კვირაში ოფიციალურად განაცხადეს, რომ ნიკა მელია პარტიიდან არის გარიცხული. ამას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
კონფლიქტი „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0